ფლორიდაში კორვეტის მძღოლმა სიჩქარის ლიმიტს 140 კმ/სთ-ით გადააჭარბა და ძალიან მკაცრად დაისაჯა
„რას ჯანდაბას ვაკეთებთ?“ — ეს გახლდათ პირველი სიტყვები, რაც სენტ-ჯონსის ოლქის შერიფის მოადგილემ კორვეტის მძღოლს მიახლოებისას უთხრა. ეს მართლაც ლოგიკური კითხვა იყო, რადგან პოლიციელის ცნობით, Chevrolet Corvette-ის საჭესთან მყოფი პირი 210 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა ზონაში, სადაც მაქსიმალური დაშვებული სიჩქარე 72 კმ/სთ გახლდათ.
შერიფის ოფისის ცნობით, შავი შუაძრავიანი Chevrolet Corvette-ი მას შემდეგ გააჩერეს, რაც პატრულმა დააფიქსირა, რომ ის დაშვებულ ლიმიტს მთელი 137 კმ/სთ-ით აჭარბებდა. მძღოლი ადგილზევე დააკავეს და სენტ-ჯონსის ოლქის ციხეში გადაიყვანეს.
შერიფის ოფისმა ასევე გამოაქვეყნა სამკერდე კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ მიმართავს პოლიციელი მძღოლს უკვე ვირუსულად ქცეული ფრაზით და უხსნის გაჩერების მიზეზს. მიუხედავად იმისა, რომ დიალოგი საკმაოდ მშვიდ ვითარებაში წარიმართა, შედეგები ასეთი უმტკივნეულო არ იქნება.
SJSO Deputies have made another super speed arrest.
— St. Johns County Sheriff's Office (@TeamSJSO) July 24, 2026
This time, a Chevrolet Corvette was stopped for traveling 130 mph in a posted 45-mph zone on CR13 N in the area of Joe Ashton Road. The driver was arrested for Dangerous Excessive Speeding and transported to the St. Johns… pic.twitter.com/xWcys5qSjq
დაკავება ფლორიდის შტატის „სიჩქარის ექსტრემალური გადაჭარბების“ კანონის საფუძველზე მოხდა. ეს საკანონმდებლო აქტი სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევს სიჩქარის ლიმიტის 80 კმ/სთ-ით გადაჭარბებას ან 161 კმ/სთ-ზე სწრაფად მოძრაობას, თუ ასე საფრთხე ექმნებათ ქვეითებსა და მათ პირად საკუთრებას. სამართალდამცავების თქმით, Corvette-ის მძღოლმა ორივე კრიტერიუმი დაარღვია.
სიჩქარის შეზღუდვის კანონების აღსრულება ხშირად ხდება კრიტიკის საგანი, განსაკუთრებით ფლორიდაში, სადაც გზების უმეტესობა სწორი, ფართო და ხშირად ნაკლებად დატვირთულია. მიუხედავად ამისა, ძნელია იმაზე დავა, რომ საზოგადოებრივ გზებზე 209 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა კოლოსალურად ზრდის რისკებს — სულ მცირე, თავად მძღოლისთვის. ასეთ სიჩქარეზე ავტომობილი ყოველ წამში დაახლოებით 58 მეტრს ფარავს, რაც მძღოლს თითქმის არ უტოვებს დროს რეაგირებისთვის, თუ გზაზე სხვა ტრანსპორტი, დაბრკოლება ან ქვეითი გამოჩნდება.
იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც სურთ გამოცადონ, რისი უნარი აქვს მათ სპორტულ ავტომობილს, ფლორიდის ახალი კანონი ფსონებს საგრძნობლად ზრდის. პირველივე დარღვევაზე სასჯელი მოიცავს 30 დღემდე პატიმრობას, 500 დოლარის ოდენობის ჯარიმას, ან ორივეს ერთად. სამართალდამცავებს მძღოლის ვინაობა ჯერ არ გაუსაჯაროებიათ და არც ის განუცხადებიათ, წარედგინება თუ არა მას დამატებითი ბრალდებები. ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის მსგავსად, ბრალდებები ბრალდებად რჩება სასამართლოში მათ დადასტურებამდე.