ჩინეთი, ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ 3, ტესლა მოდელ უაი
Aa
Aa

ჩინურმა ავტომზიდმა გემმა რეკორდი დაამყარა და 7738 Tesla დაიტია

ჩინეთი სულ უფრო ამყარებს პოზიციებს, როგორც მსოფლიოში ახალი ავტომობილების უმსხვილესი ექსპორტიორი. მის პროდუქციაზე გლობალური მოთხოვნის დაკმაყოფილების ლომის წილი სწორედ იმ გიგანტურ გემ-ავტომზიდებზე მოდის, რომლებიც დღეს ჩინურ გემთსაშენებში იგება. ერთ-ერთმა ასეთმა გემმა, სახელად Glovis Nova-მ, იმდენი ავტომობილი დაიტია, რომ მათი ფართობი 9.5 საფეხბურთო მოედანს უთანაბრდება.

კვირას, მალტის დროშის ქვეშ მცურავ ამ გემზე შანხაის სამხრეთ პორტის ტერმინალში 7738 ერთეული ელექტრომობილი ჩაიტვირთა, რის შემდეგაც მან კურსი ბელგიისკენ აიღო, საიდანაც ავტომობილები მთელს ევროპაში გადანაწილდება. ეს რეისი ჩინეთის ახალ რეკორდად იქცა — ერთ გემზე შიდა პორტიდან ამდენი ელექტრომობილი ჯერ არასდროს დატეულა.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

რამდენიმე ბრენდის ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების ნარევის ნაცვლად, Glovis Nova-ს ბორტზე მხოლოდ შანხაიში აწყობილი Tesla Model 3-ები და Model Y-ები მოხვდა. მხოლოდ სამგზავრო ავტომობილების დატვირთვამ გემის ტევადობის მაქსიმალურად ათვისების საშუალება მოცა, რადგან ისეთი გაბარიტული ტექნიკა, როგორიცაა ავტობუსები თუ სამშენებლო მოწყობილობები, გემბანზე ბევრად მეტ ადგილს იკავებს.

გამოცემა South China Morning Post-ის ცნობით, Glovis Nova-ს ერთდროულად 10 800-მდე ავტომობილის გადაზიდვა შეუძლია და ის გათხევადებული ბუნებრივი აირის ორმაგი საწვავის სისტემაზე მუშაობს. მან პორტი პანამის დროშის ქვეშ მცურავ Glovis Leader-თან ერთად დატოვა — ეს კიდევ ერთი ჩინური წარმოების გიგანტია, იმავე ტევადობით, რომელიც სამხრეთ კორეის ქალაქ ბუსანისკენ გაემართა. ორივე გემი Guangzhou Shipyard International-მა ააგო, რომელიც China State Shipbuilding Corporation-ის შვილობილი კომპანია და პლანეტის ერთ-ერთი უდიდესი გემთმშენებელი ჯგუფია.

სარეკორდო მაჩვენებელი დიდწილად Glovis Nova-ს გემბანის ოპტიმიზებულმა განლაგებამ განაპირობა. ერთ მწკრივში, ბამპერით ბამპერთან რომ დაგვეყენებინა, ეს 7738 ავტომობილი 36 კილომეტრზე გადაიჭიმებოდა და დაახლოებით 67 600 კვადრატულ მეტრს დაფარავდა.

რატომ Tesla?

Tesla-ს შანხაის ქარხანა ამ ახალი სატვირთო გემების გამოსაყენებლად იდეალურ ადგილას მდებარეობს. შანხაის სამხრეთ პორტის ტერმინალი, რომელიც ქარხნიდან სულ რაღაც 10 კილომეტრშია, ავტომობილების ექსპორტის მთავარ ჰაბს წარმოადგენს, რაც საშუალებას იძლევა ახლად აწყობილი ავტომობილები ქარხნის კონვეიერიდან გემის ბორტზე სულ რამდენიმე საათში აღმოჩნდნენ.

რა თქმა უნდა, სატვირთო გემების მშენებლობაში ჩინეთის გამოცდილებით მხოლოდ Tesla არ სარგებლობს. BYD-ი ავტომზიდების საკუთარ ფლოტს ფლობს — პირველი მათგანი, სახელწოდებით Explorer No. 1, ბაზარზე 2024 წლის დასაწყისში გამოჩნდა. მას შემდეგ ბრენდმა ფლოტს კიდევ შვიდი გემი დაამატა, რაც მას საშუალებას აძლევს ათასობით ელექტრიფიცირებული ავტომობილი მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე გააგზავნოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები