ტესლა, ფორდი, ტესლა საიბერთრაქი, ფორდ ეფ150
Aa
Aa

Tesla Cybertruck-ი 179 კმ/სთ სიჩქარით Ford F-150-ს შეეჯახა | როგორ დასრულდა უჩვეულო ექსპერიმენტი

YouTube-არხ WhistlinDiesel-ის კრეატორმა, კოდი დეტვეილერმა, თავის გამომწერებს კიდევ ერთი უჩვეულო ექსპერიმენტი შესთავაზა. ამჯერად, WhistlinDiesel-ის ექსპერიმენტის მთავარი გმირები ორი ამერიკული ავტომობილია — Tesla-ს ელექტროპიკაპი Cybertruck და ამერიკულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პიკაპი, Ford F-150.

WhistlinDiesel-ის მიერ მოწყობილი გამძლეობის ტესტი სანახაობრივი შეჯახებით დასრულდა. ექსპერიმენტის დასასრულს, დისტანციურად მართვადი Cybertruck-ი გაჩერებულ Ford F-150-ს 179 კმ/სთ-ის სიჩქარით გვერდიდან შეეჯახა. Cybertruck ექსპერიმენტისთვის სპეციალურად მოდიფიცირებული იყო, რათა მისი დისტანციურად მართვა, ავტომობილში მძღოლის ყოფნის გარეშე, შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ცარიელი იყო Ford-იც, რაც ექსპერიმენტს შედარებით უსაფრთხოს ხდიდა.

საბოლოო შეჯახებამდე ორივე პიკაპმა რთული ოფროუდ-ტესტებიც გაიარა. ვიდეოდან ვიგებთ, რომ Cybertruck-ს გადაადგილებისას საბუქსირე მოდული მოეშვა, რის გამოც ავტომობილი მალევე მწყობრიდან გამოვიდა. პარალელურად, Ford F-150-მა მოძრაობა გააგრძელა და გარკვეული დროის განმავლობაში მხოლოდ სამი ბორბლითაც კი გადაადგილდებოდა, სანამ დაზიანებულმა ელექტროგაყვანილობამ საბოლოოდ არ გააჩერა.

დეტვეილერის ინფორმაციით, ექსპერიმენტის განმავლობაში Cybertruck-ის მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება დაახლოებით 53 000 აშშ დოლარი დაჯდა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ ავტომობილმა მცირე დისტანცია დაფარა. შეჯახების შედეგად Ford F-150-ის კაბინა შასისგან მთლიანად განცალკევდა, ორივე ავტომობილი მძიმედ დაზიანდა და შემთხვევის ადგილზე ხანძარიც გაჩნდა. თუმცა, პირველი დარტყმის შემდეგ Cybertruck-ის ვიზუალურად ამოცნობა კვლავ შესაძლებელი იყო.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ორივე ავტომობილი გადამამუშავებელ საწარმოში გადაიყვანეს, სადაც ისინი საბოლოოდ სამრეწველო დამქუცმაცებელში გაანადგურეს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე პიკაპი სრულად განადგურდა, WhistlinDiesel-მა გამძლეობის გამარჯვებულად Ford F-150 დაასახელა. მისი განმარტებით, ტესტირების პერიოდში Ford-ს სადილერო ცენტრში ვიზიტი არ დასჭირვებია, მაშინ როდესაც Cybertruck-ი, მისი თქმით, სარემონტოდ დილერ ცენტრში 6-7-ჯერ დაბრუნდა. ბლოგერის შეფასებით, მთელი პროექტის ღირებულებამ 300 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები