Ford-ი აშშ-ის არმიისთვის შექმნის სამხედრო პიკაპებს, რომლებიც დრონებს დამუხტავენ
Ford-ი ახალი ტაქტიკური სატვირთო ავტომობილის შესაქმნელად სამხედრო კონტრაქტის მოსაპოვებლად თავის „თანაქალაქელ“ General Motors-ს დაუპირისპირდება. თუმცა, სანამ კომპანია მრავალმილიონიან სამხედრო კონტრაქტს მოიპოვებს, სერიოზული გზა აქვს გასავლელი — „ლურჯი ოვალი“ ამ ბრძოლას ათწლეულებით ჩამორჩა, ახლა კი პოზიციების დაბრუნება სურს.
ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?
აშშ-ის არმია დაახლოებით 600 ახალი სატვირთო ავტომობილის შესყიდვას გეგმავს. პროტოტიპების შექმნაზე კონტრაქტები უკვე გადაეცათ GM-ს, Ford-სა და უგზოობის სპეცტექნიკის მწარმოებელ BC Customs-ს. სამივე კომპანია კონცეპტებს მომავალი წლისთვის წარმოადგენს, რის შემდეგაც მათი რეალური ტესტირება და შეფასება დაიწყება.
The Wall Street Journal-ის ცნობით, Ford-ი კონტრაქტის ფარგლებში სამ პროტოტიპს შექმნის, რომლებიც F-Series Super Duty-ს პლატფორმას დაეფუძნება. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როგორ გეგმავს ამერიკული ავტომწარმოებელი თავისი პიკაპის სამხედრო ტექნიკად გარდაქმნას, თუმცა არმიის მოთხოვნაა, რომ ავტომობილებმა დრონებისა და თანამედროვე მართვის/კონტროლის სისტემების მობილური დამმუხტველი სადგურების ფუნქციაც შეასრულონ.

ამ მიმართულებით Ford-ს საკმაოდ მყარი პოზიციები აქვს. ბრენდის სისტემა Pro Power Onboard სამოქალაქო მოდელებშიც კი ჩაშენებული გენერატორის როლს ასრულებს და 120-ვოლტიანი თუ 240-ვოლტიანი როზეტების საშუალებით 2.0 კვტ-დან 9.6 კვტ-მდე ენერგიას გამოსცემს.
შეძლებს Ford-ი GM-თან კონკურენციას?
მიუხედავად ამისა, Ford-ს სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, თუ სურს GM-ის სამხედრო შეკვეთების წილი მიითვისოს. მაშინ, როდესაც Ford-ი თავდაცვის სექტორს 1990-იან წლებში თითქმის სრულად ჩამოშორდა, GM Defense-ი ინდუსტრიის ერთ-ერთ უმთავრეს მოთამაშედ ჩამოყალიბდა — მან ახლახან მილიარდდოლარიანი შეთანხმება გააფორმა აშშ-ის არმიისთვის 10 000 ერთეული ქვეითთა საბრძოლო ავტომობილის მიწოდებაზე.
გარდა ამისა, სამხედრო უწყებამ უკვე დაიწყო სპეციალურად არმიისთვის შექმნილი Chevrolet Silverado-ს მძიმე ვერსიების ტესტირება. პარალელურად, GM-ს სურს საქმიანობა უფრო მძიმე სამხედრო ტექნიკასა და საბრძოლო მასალების წარმოებაზეც გააფართოოს.

მიმდინარე წლის დასაწყისში Ford-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ განაცხადა, რომ კომპანია პენტაგონთან რამდენიმე თავდაცვით პროექტზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს, თუმცა მსხვილი, მასშტაბური კონტრაქტი ბრენდს ჯერჯერობით არ მოუპოვებია.