ევროპის ქვეყნები, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევებში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება
ზაფხულის სეზონზე ევროპის მასშტაბით ავტომობილით მოგზაურობის მსურველთა რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება. იდეა ნამდვილად კარგად ჟღერს, თუმცა მანამ, სანამ ავტომობილით მოგზაურობის მოყვარულები გეზს აიღებენ, სჯობს, ციფრული საგზაო გადასახადის სერვის Vignette Switzerland-ის უახლეს ანგარიშს გაეცნონ, რადგან, როგორც კვლევა აჩვენებს, კონტინენტზე საგზაო უსაფრთხოების დონე ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავებულია.
ასევე დაგაინტერესებთ: მავნე ჩვევები ავტომობილის მართვისას
Vignette Switzerland-ის ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ავტომობილით გადაადგილებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნები სერბეთი, ბულგარეთი და რუმინეთია. სერბეთში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის 74 შემთხვევა ფიქსირდება, რომელიც სწორედ ფატალური ავტოსაგზაო ინციდენტითაა გამოწვეული. შედარებისთვის, ეს ევროპის კავშირის საშუალო მაჩვენებელზე 72%-ით მაღალია. ქვეყანა ზედიზედ მეორე წელია რეიტინგის სათავეში იმყოფება, თუმცა ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ფატალური შემთხვევების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

მეორე ადგილს ბულგარეთი იკავებს, სადაც ყოველ მილიონ მოსახლეზე ავტოსაგზაო შემთხვევებში 71 ადამიანი იღუპება, ხოლო მესამე პოზიციას რუმინეთი იკავებს — 68 გარდაცვალებით მილიონ მოსახლეზე. კვლევის შედეგებით, ევროპის ყველაზე საშიშ ქვეყნებს შორის პოპულარული ტურისტული მიმართულებების ნაწილიც მოხვდა. მათ შორის ათეულში არიან პორტუგალია, საბერძნეთი, იტალია და საფრანგეთი.
საპირისპირო სურათია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც კვლავ ყველაზე უსაფრთხო მიმართულებებს შორის დასახელდნენ. ნორვეგიასა და შვედეთში ყოველ მილიონ მოსახლეზე საგზაო შემთხვევების დროს მხოლოდ 19 ადამიანი იღუპება, რაც სერბეთთან შედარებით თითქმის ოთხჯერ უკეთესი მაჩვენებელია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათწლეულში რამდენიმე ქვეყანამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა გზებზე უსაფრთხოების კუთხით მდგომარეობა. კერძოდ, კვლევის თანახმად, ლიეტუვაში ბოლო ათ წელიწადში საგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა 43%-ით შემცირდა. შედეგები გაუმჯობესებულია ლატვიაში, ბულგარეთში, საბერძნეთსა და უნგრეთში, სადაც ფატალური შემთხვევები, შესაბამისად, 37%-ით, 36%-ით, 35%-ით და 30%-ით შემცირდა.
თუმცა პოპულარული ტურისტული მიმართულებების ნაწილში პროგრესი კვლავ გაცილებით ნელია. მაგალითად, პორტუგალიაში 2015 წლის შემდეგ გზებზე დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ 1%-ით შემცირდა, ხოლო საფრანგეთში — 6%-ით.
ევროპის ტოპ-10 ქვეყანა საგზაო შემთხვევებში გარდაცვლილების რაოდენობით, მილიონ მოსახლეზე:
სერბეთი — 74
ბულგარეთი — 71
რუმინეთი — 68
ხორვატია — 67
ლატვია –— 63
პორტუგალია — 55
საბერძნეთი — 50
იტალია — 49
საფრანგეთი — 49
ლიეტუვა – 48
უნგრეთი — 48