შაკილ ო’ნილის უნიკალური Lucid Air-ი ავარიის შემდეგ აუქციონზე იყიდება
NBA-ს ლეგენდის, შაკილ ო'ნილის ავტოფარეხში არაერთ უნიკალურ ავტომობილს ვიპოვით, რაც საიდუმლო ნამდვილად არავისთვისაა. ამის მიზეზი კი სპეციალურად მისი სიმაღლისთვის ავტომობილების მოდიფიცირების „აუცილებლობაა“, რაც კალათბურთელს უკვე ტრადიციად ექცა. ერთ-ერთი უნიკალური მოდელი, რომელსაც შაკი წარსულში ფლობდა, Lucid Motors Air Coupe გახლდათ. თუმცა ეს უკანასკნელი ახლა უკვე მეორადი ავტომობილების ბაზარზეა და თან, ნაავარიებია.

ეს Lucid Motors Air Coupe-ც, როგორც შაკის სხვა ავტომობილები, 2.16 მეტრის სიმაღლის კალათბურთელისთვის სპეციალურად მოდიფიცირდა. ავარიამდე კი მას მხოლოდ 4 600 კილომეტრი ჰქონდა გავლილი, რაც მეორადი ავტომობილების ბაზარზე აღმოჩენილი ავტომობილისთვის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.
შაკილ ო’ნილმა უნიკალური პროექტი 2024 წელს ცნობილ ტუნერს, West Coast Customs-ს, დაუკვეთა, რომელთანაც კალათბურთელს არაერთხელ უთანამშრომლია. მას სურდა, კომპანიას Lucid Air Coupe ისე გადაეკეთებინა, რომ მის აღნაგობას მორგებოდა. West Coast Customs-ის სპეციალისტებიც საქმეს შეუდგნენ — მათ ავტომობილის ინტერიერი გადააკეთეს, მათ შორის უკან გადაწიეს წინა სავარძლები, რათა მძღოლს უფრო მეტი სივრცე ჰქონოდა. თუმცა ამ ცვლილებების მიუხედავად, ავტომობილში უკანა სავარძლები მაინც დატოვეს და კვლავ ხუთი მგზავრის დატევაა შესაძლებელი.

ინტერიერის ცვლილებების გარდა, ავტომობილის ექსტერიერიც მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა სტანდარტული Lucid Air-ისგან განსხვავდება. მთავარი სხვაობა, რაც თვალითაც მარტივი შესამჩნევია, ორკარიანი ძარა და შავი, არასტანდარტული დისკებია.
View this post on Instagram
ამ ეტაპზე უცნობია, თუ როგორ მოხდა ავარია და იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის მომენტში შაკი საჭესთან. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტომობილი სერიოზულადაა დაზიანებული და შეკეთებასაც საჭიროებს. თუმცა დაზიანების ძირითადი ნაწილი წინა ნაწილზე მოდის — მოხსნილია წინა ბამპერი, დაზიანებულია ერთ-ერთი რადიატორი, მოხსნილია მაშუქები, ხოლო კაპოტი შესაცვლელია. თუმცა ავტომობილის უკანა ნაწილი, ერთი შეხედვით, თითქმის დაუზიანებელი ჩანს, რაც მომავალ მფლობელს ხარჯებს ნამდვილად შეუმცირებს.
უცნობია, თუ Lucid Air-ის რომელ ვერსიაზე დააფუძნეს შაკის უნიკალური ავტომობილი, თუმცა აუქციონის სახლის ინფორმაციით, გასაყიდად გამოტანილი ავტომობილი სრულამძრავია. ხოლო თუ მის დაბალ გარბენსა და ისტორიას გავითვალისწინებთ, გამორიცხული არაა, რომ მისი აღდგენა საკუთარ თავზე რომელიმე ავტომოყვარულმა მართლაც აიღოს.