Mazda-ს CEO: ლეგენდარული MX-5 Miata მომავალში სრულად ელექტრო გახდება
Mazda-ს აღმასრულებელი დირექტორის, მასაჰირო მოროს განცხადებით, ლეგენდარული MX-5 Miata მომავალში შესაძლოა სრულად ელექტრომობილის სახით ვიხილოთ... თუმცა ავტომოყვარულებისთვის კარგი ამბავი ისაა, რომ სპორტული როდსტერი უახლოეს მომავალში მაინც თავის ბენზინის ძრავას არ გამოემშვიდობება.
ასევე დაგაინტერესებთ: ვინ, როგორ და რატომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ძრავა?
გერმანულ გამოცემა Auto Motor und Sport-თან საუბრისას მორომ თქვა, რომ ახალი თაობის MX-5 იმ მომავლისთვისაც უნდა მოამზადონ, რომელშიც შიგაწვის ძრავები აღარ იარსებებს. მიუხედავად ამისა, მოროს არ დაუდასტურებია, რომ შემდეგი თაობის Miata უკვე სრულიად ელექტრო იქნება.

რეალურად, Mazda-ს წარმომადგენლებს წარსულშიც თავადაც არაერთხელ უთქვამთ, რომ MX-5-ის მთავარი უპირატესობა მისი დაბალი წონა და მართვის შეგრძნებაა. გამომდინარე აქედან, მარტივი მისახვედრია, რომ იმ ძირითად მახასიათებელს, რაც Miata-ს მართლაც რომ გამორჩეულს ხდის, თანამედროვე ბატარეების ტექნოლოგია ჯერ ვერ აკმაყოფილებს. სწორედ ამიტომ, მომდევნო თაობის სპორტული როდსტერი კვლავ ბენზინზე მომუშავე ძრავით იქნება აღჭურვილი.
კომპანიის მიზანი ახალი MX-5-ის წონის დაახლოებით 1 000-დან 1 200 კილოგრამამდე შენარჩუნებაა — თან ისე, რომ ძვირად ღირებული მასალები, როგორებიცაა კარბონი, დიდად არ გამოიყენოს. ეს მონაცემი კი, პრაქტიკულად, ამჟამინდელი ND თაობის Miata-ს ემთხვევა.

Mazda ელექტრო Miata-ს იდეაზე უკვე მუშაობს
ელექტრო MX-5-ის თაობაზე კომპანიას მინიშნებები წარსულშიც გაუკეთებია. მაგალითად, გასულ წელს Mazda-მ უჩვეულო ტიპის ელექტროპლატფორმა დააპროექტა. უჩვეულო ამ შემთხვევაში იყო ის, რომ ავტომწარმოებელმა ბატარეების ძირითადი ნაწილი იატაკის ქვეშ კი არა, ტრანსმისიის გვირაბში განათავსა.
ბატარეის დამატებითი მოდულები კი, ამ პატენტის მიხედვით, სავარძლების უკან და სამგზავრო სალონის წინ უნდა განთავსდეს. ასეთი განლაგებით, ავტომობილისთვის დამახასიათებელი იდეალური წონის განაწილების შენარჩუნება გახდება შესაძლებელი. პროექტში ასევე გათვალისწინებულია უკანა წამყვანი თვლები და ერთელექტროძრავიანი კონფიგურაციის შემუშავება.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ამ ეტაპზე გაგვიჭირდება იმის თქმა, თუ როდის გამოვა სრულად ელექტრო Mazda MX-5 Miata. თუმცა კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებები დასტურია იმისა, რომ სპორტული მოდელის ელექტრიფიკაცია უკვე Mazda-ს სამომავლო გეგმების ნაწილია. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ ეს უახლოეს მომავალში მაინც არ მოხდება...