სიჩქარის გადაჭარბება, რიჩარდ ჰამონდი, ტოპ გირი, გრანდ ტური
Aa
Aa

რიჩარდ ჰამონდი სიჩქარის გადაჭარბებისთვის 2 300 აშშ დოლარით დააჯარიმეს

Top Gear-ისა და The Grand Tour-ის ლეგენდარული თანაწამყვანი, რიჩარდ ჰამონდი, სიჩქარის გადაჭარბებისთვის სასამართლომ დაახლოებით 2 300 აშშ დოლარით დააჯარიმა. ფულადი ჯარიმის დაკისრების გარდა, ჰამონდს მართვის მოწმობაზე შვიდი ქულაც მოაკლდა.

საქმის მასალების მიხედვით, ჰამონდმა 2025 წლის დეკემბერში ორი სხვადასხვა ავტომობილით სიჩქარის ლიმიტი ორჯერ დაარღვია. პირველი დარღვევისას, ის Porsche Taycan Cross Turismo-ს მართავდა და ჰერტფორდშირის საგრაფოში, A40 ავტომაგისტრალზე, 50 მილი/სთ-ის (80 კმ/სთ) შეზღუდვის ზონაში 68 მილი/სთ-ით (109 კმ/სთ) გადაადგილდებოდა. მეორე დარღვევა კი უკვე 22 დეკემბერს დაფიქსირდა. ამჯერად, ჰამონდი Bentley Continental GT-ით გადაადგილდებოდა — 70 მილი/სთ-ის (113 კმ/სთ) დაშვებულ ზონაში 82 მილი/სთ-ით (132 კმ/სთ).

ჰამონდი სასამართლოში ადვოკატთან ერთად წარსდგა და ორივე დარღვევა აღიარა. თავდაპირველად, მას სამართალდამცველთა წერილობითი შეტყობინებების უგულებელყოფასაც ედავებოდნენ. ასევე ამტკიცებდნენ, რომ ჰამონდმა არ უპასუხა მოთხოვნას, დაედასტურებინა, თუ ვინ მართავდა ავტომობილებს დარღვევის პროცესში. თუმცა, მოგვიანებით ეს ბრალდებებიც მოიხსნა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯამური ფულადი სანქცია 1 771 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც დაახლოებით 2 300 აშშ დოლარია. აქედან 333 ფუნტი და 666 ფუნტი უშუალოდ ორი დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმებია, ხოლო დარჩენილი თანხა სასამართლოს ხარჯებსა და სავალდებულო მოსაკრებლებს მოიცავს.

როგორც გითხარით, ჯარიმასთან ერთად, ჰამონდს მართვის მოწმობაზე 7 საჯარიმო ქულაც დაერიცხა. გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი კანონმდებლობით კი, თუ მძღოლი სამი წლის განმავლობაში 12 ან მეტ საჯარიმო ქულას დააგროვებს, სასამართლო, როგორც წესი, მას მართვის უფლებას მინიმუმ ექვსი თვით შეუჩერებს.

ასე რომ, ჰამონდი, რომელმაც წარსულშიც არაერთი მასშტაბური ავარიით დაგვამახსოვრა თავი, შესაძლოა, ნახევარი წლით მართვის მოწმობის გარეშე დარჩეს. თუმცა, წესით, Top Gear-ის ლეგენდარული წამყვანი ყველაფერს იზამს, რომ ეს თავიდან აირიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები