კვლევა, ლექსუსი, კია, ავარიები, ავარიების სტატისტიკა, ლექსუს არიქსი, რემი, კია რიო, რემ 3500
Aa
Aa

კვლევა: რომელ მანქანებში კვდებიან და რომელი მანქანები კლავენ ყველაზე ხშირად?

თუ ამერიკულ გზებზე ოდესმე გიმგზავრიათ, IIHS-ის ბოლო კვლევის შედეგები ნამდვილად არ გაგაოცებთ. ფიზიკის კანონები კვლავ უცვლელია: პატარა ავტომობილები დიდებთან შეჯახებისას ყოველთვის მეტად ზარალდებიან, ხოლო ასობით ცხენის ძალის მქონე მოდელები ხშირად იმ მძღოლებს იზიდავენ, რომლებსაც სპიდომეტრის შესაძლებლობების ბოლომდე გამოცდა უყვართ.

სიურპრიზი ის კი არ არის, რომ ეს ტენდენციები მონაცემებში მკაფიოდ გამოჩნდა, არამედ ის, თუ რატომ მოხვდნენ სიაში ყველაზე დიდი პიკაპები.

ასევე იხილეთ: 8 გამძლე და საიმედო მანქანა, რომელსაც დამწყები მძღოლები 5000$-ად შეიძენენ

IIHS-მა გააანალიზა რეალური ავარიების სტატისტიკა 2023 წლის მოდელების მონაწილეობით. სპეციალისტებმა გამოითვალეს როგორც უშუალოდ მძღოლების სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ასევე — ისტორიაში მხოლოდ მეორედ — „სხვა მძღოლების სიკვდილიანობის ინდექსი“. ეს უკანასკნელი ზომავს, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა სხვა ავტომობილებში კონკრეტულ მოდელთან შეჯახებისას.

ყველაზე სახიფათო ავტომობილები საკუთარი მძღოლებისთვის

საკუთარი მძღოლების სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მცირეგაბარიტიანი ავტომობილები, სედანები და სპორტული მოდელები გამოირჩევიან. სიის სათავეში Kia Rio მოექცა (170 დაღუპული მძღოლი ყოველ მილიონ რეგისტრირებულ ავტომობილზე), რომელსაც უკან Nissan Versa მოჰყვება. ყველაზე ცუდი შედეგების მქონე მოდელებს შორის ასევე მოხვდნენ Dodge Challenger-ი, Dodge Charger HEMI, Chevrolet Camaro და Chevrolet Corvette.

ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ეს ავტომობილები კონსტრუქციულად უსაფრთხო არ არის. IIHS ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს ციფრები მხოლოდ ავტომობილის გამძლეობას არ ასახავს. მონაცემები ასაკისა და სქესის მიხედვით კორექტირებულია, თუმცა არ ითვალისწინებს მართვის სტილს ან სიჩქარეს. IIHS-ის პრეზიდენტის, დევიდ ჰარკის თქმით, სპორტქარებსა და მასლქარებში მაღალი სიკვდილიანობა დიდწილად იმით არის განპირობებული, თუ „როგორ მართავენ მათ“ და გარდა ამისა, ყველაზე უსაფრთხო პატარა მანქანებიც კი არათანაბარ პირობებში არიან უფრო დიდ და მძიმე ტრანსპორტთან შეჯახებისას.

მონეტის მეორე მხარე

რეიტინგის მეორე მხარე არანაკლებ საინტერესოა. 16-მა ავტომობილმა კვლევის პერიოდში ნულოვანი სიკვდილიანობა დააფიქსირა. ამ სიაში ჭარბობს საშუალო და ლუქს კლასის ქროსოვერები, ასევე რამდენიმე ელექტრომობილი. სრულყოფილი ქულები დააგროვეს Lexus RX-მა, BMW X3-მა, Mercedes-Benz GLE-მ, Rivian R1S-მა, Tesla Model Y-მ და Toyota Corolla Cross Hybrid-მა. ეს ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებისა და დიდი ზომის კომბინაციას მგზავრების გადარჩენის შანსების დრამატულად გაზრდა.

თუმცა, სულ სხვა სურათს გვიჩვენებს „სხვა მძღოლების სიკვდილიანობის“ რეიტინგი. აქ ლიდერობა მძიმე პიკაპებმა დაიკავეს. სიის სათავეშია Ram 3500 Crew Cab Long Bed 4WD — 204 დაღუპული სხვა მძღოლი ყოველ მილიონ რეგისტრირებულ ავტომობილზე. მას მოჰყვება Ram-ისა და Chevrolet-ის სხვა მძიმე პიკაპები, რაც იმის დასტურია, თუ რამხელა ზიანის მიყენება შეუძლია დიდ და მძიმე ავტომობილს შეჯახებისას.

სწორედ ეს არის ამ კვლევის ყველაზე შთამბეჭდავი დეტალი: მთელ ანგარიშში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არც პატარა ეკონომ-კლასის მანქანას ეკუთვნის და არც 700-ცხენისძალიან მონსტრს. ის მძიმე პიკაპს ეკუთვნის — უბრალოდ არა მის სალონში მსხდომთათვის, არამედ გარშემომყოფთათვის.

ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს უბრალო ჭეშმარიტებას: ფიზიკას არ აინტერესებს მარკეტინგი, ცხენის ძალები ან უსაფრთხოების ტესტების ჯილდოები. პატარა ავტომობილები მაინც აგებენ დიდებთან, სიმძლავრე ხშირად უბიძგებს მძღოლებს რისკისკენ, ხოლო ყველაზე მძიმე პიკაპებს ყველაზე დიდი მსხვერპლი მოაქვთ საგზაო მოძრაობის დანარჩენი მონაწილეებისთვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები