იტალიელებმა Mercedes-Benz 190E Evolution II-ის 765 ცხ.ძ-იანი რესტომოდი წარადგინეს
ლეგენდარული Mercedes-Benz 190E Evolution II-ის თანამედროვე ინტერპრეტაცია უკვე მხოლოდ HWA-ს აღარ ეკუთვნის. იტალიურმა კომპანია Vespera Automobili-მ საკუთარი რესტომოდი, Iride Evo 5, ოფიციალურად წარადგინა. თუმცა, განსაკუთრებით საინტერესო ამ შემთხვევაში ის ფაქტია, რომ ტუნერმა ლეგენდარული მოდელის HWA-ს $770 000-იან ვერსიაზე მძლავრი Evo შემოგვთავაზა.
ასევე დაგაინტერესებთ: AMG-ის 7 გიჟური მოდელი, რომელიც ამ სამყაროდან არ არის
Vespera Automobili-ის პროექტი ორიგინალური 190E Evolution II-ის კლასიკურ დიზაინს იმეორებს, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებითა და გაუმჯობესებული მახასიათებლებითაა აღჭურვილი. ამ ეტაპისთვის, იტალიურ კომპანიას Evo-ს მხოლოდ ერთი ეგზემპლარი აქვს შექმნილი, თუმცა შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოება სამომავლოდაც გაგრძელდება.
რესტომოდის ძარა სრულად კარბონისაა, რასაც გაფართოებული წინა და უკანა ფრთები, ახალი წინა ბამპერი, მასიური სპლიტერი, განახლებული უკანა ბამპერი და დიდი უკანა სპოილერი ემატება. შედეგად კი, Mercedes-ის ლეგენდარული სიგანე თითოეულ მხარეს დაახლოებით 10 სანტიმეტრითაა გაზრდილი.


Iride Evo 5-ის პირველი ეგზემპლარისთვის Vespera Automobili-მ Montreal Green-ის ფერი შეარჩია, რომელიც წარსულში Alfa Romeo Giulia-სა და Stelvio-ზეც გვინახავს. რესტომოდის უნიკალურ ექსტერიერს კი განსაკუთრებულ იერს ოქროსფერი, კლასიკური დიზაინის OZ Racing-ის დისკებიც მატებს. რაც შეეხება ინტერიერს, ის ამ დროისთვის დასრულებული არაა, თუმცა, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავტომობილის შიგნითაც მნიშვნელოვან განახლებებს უნდა ველოდოთ.

ყველაზე დიდი ცვლილება კი, როგორც სტატიის დასაწყისშიც გითხარით, ტექნიკურ ნაწილშია. შედარებისთვის, HWA-ის რესტომოდი 3-ლიტრიანი ტვინტურბო V6 ძრავითაა აღჭურვილი და 493 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ხოლო Vespera-მ Mercedes-Benz-ის M103 აგრეგატის მოცულობა, რომელიც 6-ცილინდრიანი ერთრიგა ძრავაა, 3 ლიტრამდე გაზარდა. მასიური ტურბოკომპრესორისა და შიდა კომპონენტების დახმარებით კი, სიმძლავრე 765 ცხენის ძალამდეა გაზრდილი, მაბრუნი მომენტი კი 910 ნიუტონმეტრამდე.

კომპანიის ინფორმაციით, ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3.4 წამს ანდომებს, ხოლო მაქსიმალურ სიჩქარეს 300 კმ/სთ-ზე აღწევს.
Vespera Automobili-ს რესტომოდის ოფიციალური ფასი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის HWA-ს ვერსიის ღირებულებას გადააჭარბებს. ცნობისთვის, HWA-ს EVO-ის საწყისი ფასი გადასახადების გარეშე დაახლოებით 770 000 აშშ დოლარია. თუმცა, ჯერ ისაა გასარკვევი, კომპანია ახალ მოდელს მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გამოუშვებს, თუ მას წარმოებაში ჩაუშვებს.