Ferrari-ის ახალი ავტომობილის შესაძენად ლოდინი 2028 წლამდე მოგიწევთ
სპორტქარების იტალიური მწარმოებელი Ferrari რეკორდულად მაღალი მოთხოვნის პირობებში განაგრძობს მუშაობას. კომპანიის განცხადებით, 2027 წლის წარმოებისთვის გათვალისწინებული ყველა ავტომობილი უკვე სრულად ამოყიდულია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ კომპანია ახალი შეკვეთების მიღებას — ისიც, საუკეთესო შემთხვევაში — მხოლოდ 2028 წლიდან გააგრძელებს.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari
საინტერესოა ისიც, რომ Ferrari-ს პირველი ელექტრომობილის, Luce-ს, მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის კრიტიკულ შეფასებებსაც კი ბრენდისადმი მომხმარებლების ინტერესი არ შეუმცირებია. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, Ferrari-ს ავტომობილებზე შეკვეთების ზრდა მსოფლიოს ყველა ძირითად ბაზარზე ფიქსირდება.

ცნობისთვის, Ferrari-ს მოდელური რიგი ამჟამად განახლების ეტაპზეა. ბაზარზე ეტაპობრივად გამოდის ახალი მოდელები, როგორებიცაა: Amalfi, 849 Testarossa და 296 Speciale / 296 Speciale A. რაც შეეხება 296 GTS-ს, Roma Spider-სა და SF90 XX / SF90 XX Spider-ს, ამ მოდელების წარმოება უკვე დასასრულს უახლოვდება. პარალელურად, იტალიური ავტომწარმოებელი ფლაგმანური მოდელების, როგორიცაა F80, მიწოდების რაოდენობებსაც ზრდის. დამატებით კი, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტოწარმოებელი Aperta-ს ღიასახურავიან ვერსიაზეც მუშაობს. ცოტა ხნის წინ Ferrari-მ Purosangue-სთვის Handling Speciale-ს პაკეტიც წარადგინა, ხოლო 12Cilindri Manuale გაყიდვაში გამოსვლამდე სრულად ამოიყიდა.

რაც შეეხება Ferrari-ს პირველ ელექტრომობილს, Luce-ს, დეტალური შეფასებებისგან მართალია იტალიური კომპანია ამ დრომდე თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი გამოშვება Ferrari-ს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეტაპია და წარმოების ხაზს ამრავალფეროვნებს.
მიუხედავად რეკორდული შეკვეთებისა, წლის პირველ ნახევარში Ferrari-ს გაყიდვებმა მცირედით იკლო. კერძოდ, 2026 წლის პირველ ექვს თვეში კომპანიამ მომხმარებლებს 6 802 ერთეული ავტომობილი მიაწოდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 285 ერთეულით ნაკლებია. ამ პერიოდში გაყიდვების თითქმის ნახევარი ევროპაზე, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაზე მოდიოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ Ferrari-ს მიერ გაყიდული ავტომობილებიდან 70% შიგაწვის ძრავით, ხოლო 30% — ჰიბრიდული სისტემით იყო აღჭურვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ 2026 წელს Ferrari-მ ხუთი ახალი მოდელის წარდგენა დააანონსა, თუმცა ამ მომენტისთვის მხოლოდ სამი მათგანი — Amalfi Spider-ი, Luce და 12Cilindri Manuale — წარადგინა. ექსპერტების ვარაუდით, წლის ბოლომდე შესაძლოა 296 Challenge Stradale-ის ახალი ვერსიაც ვიხილოთ, რადგან მისი პროტოტიპები უკვე ტესტირების ეტაპზეა.