Mercedes-Benz-ი 310 000-ზე მეტ ავტომობილს უკან გაიწვევს
Mercedes-Benz-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში 310 667 ერთეული ავტომობილის უკან გაწვევის შესახებ განაცხადა. მიზეზი მძღოლის კარის საკეტში პოტენციური ტექნიკური ხარვეზია, რამაც, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა ავტომობილის ავტომატური დამუხრუჭების სისტემა გათიშოს.
ამერიკის შეერთებული შტატების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ცნობით, კარის სახელურის დეფექტი 2019-2026 (მოდელის) წლების ავტომობილებშია აღმოჩენილი. კერძოდ, ავტომწარმოებელი ვარაუდობს, რომ მძღოლის კარის საკეტში ჩამონტაჟებული პატარა ელექტროდეტალი (მიკროგადამრთველი) დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიჟანგოს. კოროზიის გამო კი, ავტომობილის სისტემა ვერ აფიქსირებს, რომ მძღოლის კარი ღიაა.
შედეგად, ავტომატური ხელის მუხრუჭი და ავტომატური პარკირების ფუნქცია, რომელიც ავტომობილს გაჩერებისას ავტომატურად აფიქსირებს, შესაძლოა აღარ ამუშავდეს. ასეთ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ გაჩერებული ავტომობილი თავისით, მძღოლის ჩარევის გარეშე, დაიძრას.
Mercedes-Benz-ის განცხადებით, ამ დროისთვის აღნიშნული დეფექტით გამოწვეული შემთხვევები არ დაფიქსირებულა. თუმცა, მომავალში პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ავტომობილების მფლობელები ოფიციალურ სერვისცენტრებში უნდა გამოცხადდნენ, სადაც კარის საკეტს უფასოდ გამოუცვლიან.
უკან გაწვევის ეტაპი Mercedes-ის რამდენიმე პოპულარულ მოდელს მოიცავს. მათ შორისაა: Mercedes-Benz A-Class, Mercedes-Benz C-Class, Mercedes-Benz GLC და Mercedes-Benz CLE. ავტომობილების სრული სია NHTSA-ის ბაზაშია ხელმისაწვდომი, სადაც მფლობელებს VIN-კოდის ან სანომრე ნიშნის შეყვანით შეუძლიათ გადაამოწმონ, ექვემდებარება თუ არა მათი ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტს.
აღსანიშნავია, რომ Mercedes-Benz-მა 2026 წლის განმავლობაში ავტომობილები უკვე რამდენჯერმე გაიწვია. მათ შორის, თებერვალში კომპანიამ 11 ათასზე მეტი ელექტრომობილი მაღალი ძაბვის ბატარეასთან დაკავშირებული დეფექტის გამო გაიწვია, მაისში კი დაახლოებით 144 ათას ავტომობილზე აღმოჩენილი დეფექტი პროგრამული განახლებით აღმოფხვრა.