სუპერქარი, ფერარი, ფერარი 12ცილინდრი
Aa
Aa

Ferrari ახალ V12 მონსტრს ამზადებს | 12Cilindri 3-სატერფულიან მართვის სისტემას მიიღებს

იტალიელები 12Cilindri-ს უფრო ექსტრემალური ვერსიის შექმნაზე მუშაობენ. ახალი მოდელი, რომელიც იტალიაში სატესტო გამოცდების დროს დააფიქსირეს, გაუმჯობესებული აეროდინამიკით, მეტი სიმძლავრითა და, დიდი შანსია, 3-სატერფულიანი მართვის სისტემითაც გამოირჩეოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ შექმნა ერთმა მჭედელმა ბიჭმა Ferrari

ერთი შეხედვით, იტალიის გზებზე დაფიქსირებული პროტოტიპი სტანდარტული Ferrari 12Cilindri-სგან დიდად არ განსხვავდება. თუმცა, გარკვეული დეტალები რადიკალურ ცვლილებებზე მიგვანიშნებს. მაგალითად, წინა ბამპერზე დამატებული აეროდინამიკური ელემენტები („კანარდები“), რომლებიც წინა ღერძზე უფრო მეტ მიმჭერ ძალას წარმოქმნის. უკანა ნაწილში კი, წინა მოდელთან შედარებით, დიდი ზომის Ducktail-ტიპის სპოილერს ვხედავთ, რაც ავტომობილს ბევრად უფრო აგრესიულ იერს ანიჭებს და, თან, მაღალ სიჩქარეზე სტაბილურობის ზრდასაც უზრუნველყოფს.

მსგავსი მიდგომა Ferrari-სთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მანამდე კომპანიამ სპეციალური მოდელებიც შემოგვთავაზა, როგორებიცაა: 599 GTO, F12tdf და 812 Competizione. თითოეული მათგანი სტანდარტულ V12-ძრავიან მოდელებზე დააფუძნა, თუმცა ისინი ბევრად უფრო მძლავრი აგრეგატით, დახვეწილი ძარითა და გაუმჯობესებული აეროდინამიკით წარადგინა.

ამჟამად ბაზარზე ხელმისაწვდომი Ferrari 12Cilindri ატმოსფერული, 6.5-ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 819 ცხენის ძალას და 678 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. ეს აგრეგატი 9 250 ბრ/წთ-მდე ტრიალებს და არც ტურბოჩარჯერს, არც ჰიბრიდულ სისტემას არ იყენებს.

როგორც ცნობილია, ახალი ვერსიის სიმძლავრე დაახლოებით 850 ცხენის ძალამდე გაიზრდება (თუმცა რიცხვები ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა), ხოლო ძრავის ბრუნვა პიკურ ნიშნულზე 10 000 ბრ/წთ-ს მიუახლოვდება. თანაც, თუ Ferrari 812 Competizione-ს მაგალითს გავითვალისწინებთ, მსგავსი გაუმჯობესება სრულიად შესაძლებელია.

მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ძრავაც ცოტა ხნით უკან გადავდოთ და მთავარი ყურადღება Ferrari-ს გადაცემათა კოლოფზე გადავიტანოთ. იტალიელებმა ცოტა ხნის წინ 12Cilindri Manuale-სთვის სიმულირებული მექანიკური სისტემა წარადგინეს, თანაც შეზღუდული გამოშვებით — სულ რაღაც 1 499 ეგზემპლარად. შედეგად, ავტომობილი კვლავ სტანდარტული 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის (Dual-clutch) ავტომატური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი, თუმცა გადაბმულობის (ქუროს) სატერფული და ძველი სტილის კლასიკური გადამრთველი აქვს დამატებული. მსგავსი სისტემით კი ახალი Ferrari-ს მფლობელებს ფაქტობრივად ძველი სკოლის იტალიური მექანიკური კოლოფის მართვის შეგრძნების მიღება შეეძლებათ.

გამოდის, რომ 12Cilindri-ს მძღოლებს Ferrari ტრადიციული მექანიკური გადაცემათა კოლოფის შეგრძნებას შესთავაზებს, თუმცა, მფლობელის სურვილის შემთხვევაში, ავტომობილს სრულად ავტომატურ რეჟიმშიც შეეძლება მუშაობა.

თან დიდი შანსია, რომ ეს შეზღუდული გამოშვების სისტემა მომავალში ამ მოდელის მეტად ექსტრემალურ, მათ შორის ტრეკისთვის განკუთვნილ მოდელებსაც მოერგოს. ავტომოყვარულებს კი კვლავ შეეძლებათ ექვსივე სიჩქარეში მექანიკურად გადართვით ისიამოვნონ, ხოლო დამღლელ საცობებში ისევ სტანდარტულ ავტომატურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ოფიციალური პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა სატესტო პროტოტიპის გამოჩენა მიანიშნებს, რომ მოდელის დებიუტი შესაძლოა უახლოეს პერიოდში ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები