მათე რიმაცი, აკიო ტოიოდა, ივან ესპინოზა, ჯიმ ფარლი, გორდონ მარი, კრისტიან კოენიგსეგი, ანტონიო ფილოზა
Aa
Aa

რას მართავს ბოსი? | ავტოგიგანტების ხელმძღვანელების ავტომობილები

ავტომწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელები ხშირად პირად ცხოვრებაშიც ნამდვილი ავტომოყვარულები არიან. მათ ავტოფარეხებში არა მხოლოდ საკუთარი ბრენდის მოდელებს, არამედ საკმაოდ მოულოდნელ და საინტერესო ეგზემპლარებსაც შეხვდებით — კონკურენტების SUV-ებიდან დაწყებული, ექსკლუზიური პროექტებით დამთავრებული.

გთავაზობთ 7 გამორჩეულ CEO-სა და იმ ავტომობილებს, რომლებსაც ისინი პირადად მართავენ.

ჯიმ ფარლი (Ford) — Xiaomi SU7

Ford-ის გენერალური დირექტორის, ჯიმ ფარლის კოლექციაში ლეგენდარულ 1966 წლის Ford GT40 Mk1-საც შეხვდებით, თუმცა მის ფარეხში განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ჩინური Xiaomi SU7 იპყრობს.

ფარლიმ ამ ელექტრომობილით გადაადგილება 2024 წელს დაიწყო და ამის მიზეზი მარტივია: მას სურს პირადად გამოცადოს და გაიგოს კონკურენტების შესაძლებლობები (მეგობარი ახლოს უნდა გყავდეს, მტერი უფრო ახლოს). ჩინური ბრენდების სწრაფი ექსპანსიის ფონზე, ეს Ford-ის მომავლისთვის საკმაოდ ჭკვიანური და სტრატეგიული ნაბიჯია.

ანტონიო ფილოზა (Stellantis) — Jeep Wrangler Rubicon 392

Stellantis-ის ხელმძღვანელი ანტონიო ფილოზა Jeep Wrangler Rubicon 392-ით გადაადგილდება. ეს ლეგენდარული Wrangler-ის ყველაზე მძლავრი ვერსიაა, რომელიც 6.4-ლიტრიანი V8 ძრავითაა აღჭურვილი.

470 ცხენის ძალის მქონე მონსტრი უგზოობის მოყვარულების ოცნებაა და ფილოზას არჩევანიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Jeep-ის უგზოობის დნმ-ს.

ივან ესპინოზა (Nissan) — Nissan Z

Nissan-ის გენერალური დირექტორი ივან ესპინოზა სპორტქარების დიდი მოყვარულია. მისი ყოველდღიური ავტომობილი ლეგენდარული Z-სერიის მეშვიდე თაობის მოდელი — Nissan Z-ია (იაპონიაში ცნობილი როგორც Fairlady Z).

3.0-ლიტრიანი Twin-Turbo V6 ძრავითა და 400 ცხენის ძალით, ეს მოდელი ნამდვილი სპორტული კლასიკაა, რომელიც მძღოლს მართვის განსაკუთრებულ ემოციას ჩუქნის.

აკიო ტოიოდა (Toyota) — Toyota Century GRMN

მიუხედავად იმისა, რომ აკიო ტოიოდა 2023 წლიდან თავმჯდომარის პოსტზე გადავიდა, ავტოსპორტისა და მანქანებისადმი მისი სიყვარული საყოველთაოდ ცნობილია — ყველამ ვისით მისი ლეგენდარული ფსევდონიმის, Morizo-ს შესახებაც...

ტოიოდას მრავალფეროვან კოლექციაში (სადაც Suzuki Jimny-საც კი შეხვდებით) ყველაზე გამორჩეული ეგზემპლარი Toyota Century GRMN-ია — ექსკლუზიური, ერთადერთი ეგზემპლარის სახით შექმნილი წარმომადგენლობითი სედანი, რომელიც Gazoo Racing-ის ინჟინრებმა სპეციალურად მისთვის ააწყვეს.

კრისტიან ფონ კიონიგსეგი (Koenigsegg) — Toyota GR Yaris

როგორც წესი, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰიპერქარების შემქმნელის ავტოფარეხში Toyota GR Yaris-ს არ ველოდებით... თუმცა, კრისტიან ფონ კოენიგსეგს ეს პატარა ცხელი ჰეჩბექი იმდენად უყვარს, რომ ეს უკვე მისი მეორე GR Yaris-ია!

268 ცხენის ძალა, 3-ცილინდრიანი ტურბო ძრავი, სრული ამძრაობა და 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი — კიონიგსეგის თქმით, ეს არის ავტომობილი, რომელიც მართვის მაქსიმალურ სიამოვნებას ანიჭებს ხელმისაწვდომ ფასად.

გორდონ მარი (GMA) — Alpine A110

McLaren F1-ის ლეგენდარული დიზაინერი და GMA-ს დამფუძნებელი გორდონ მარი ავტომობილების წონასა და მართვადობაში, ალბათ, ჩამოთვლილთაგან ყველაზე უკეთ ერკვევა.

მის პირად კოლექციაში საპატიო ადგილს ფრანგული Alpine A110 იკავებს. მარის თქმით, ამ მოდელს აქვს „საუკეთესო ბალანსი სვლასა და მართვადობას შორის“, რაც კი ოდესმე გამოუცდია.

მათე რიმაცი (Bugatti Rimac) — Volkswagen Golf R32 (Mk5)

Bugatti Rimac-ის ახალგაზრდა გენერალური დირექტორის კოლექციაში Pininfarina Battista და Aston Martin Valkyrie Spider-ის გვერდით საპატიო ადგილს არც მეტი, არც ნაკლები, Volkswagen Golf Mk5 R32 იკავებს.

ეს ავტომობილი რიმაცის მოზარდობისდროინდელი ოცნება იყო. 3.2-ლიტრიანი VR6 ძრავითა და 247 ცხენის ძალით, ეს Mk5 Golf ნამდვილი თანამედროვე კლასიკაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ნამდვილი ავტომოყვარულისთვის ფასი მთავარი არ არის.

მსგავსი სიახლეები