ელექტრომობილი, ტესლა, ტესლა საიბერთრაქი, ელექტროპიკაპი, ნასა
Aa
Aa

Tesla Cybertruck-ს NASA ასტრონავტების ევაკუაციისთვის გამოიყენებს | რატო შეირჩა ელექტროპიკაპი?

ამერიკული Tesla-ს უცნაური ფორმის ელექტროპიკაპი NASA-სა და მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ის საგანგებო ევაკუაციის სისტემის ნაწილი გახდა. ორგანიზაციების ერთობლივი გადაწყვეტილებით, Cybertruck-ი კენედის კოსმოსურ ცენტრში რაკეტის გაშვების ადგილიდან ასტრონავტების დაუყოვნებლივი ევაკუაციისთვის იქნება გამოყენებული და ამ „პოზიციაზე“ მოძველებულ სამხედრო ტიპის ჯავშანმანქანებს ჩაანაცვლებს.

ასევე დაგაინტერესებთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

ბოლო წლებია, NASA-სა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის მიერ დაარსებულ კომპანიას შორის საქმიანი ურთიერთობა გაფართოვდა. მაგალითად, შეგვიძლია 2025 წლის მისია გავიხსენოთ, როდესაც SpaceX-მა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან (ISS) დედამიწაზე ასტრონავტები ბუჩ უილმორი და სუნიტა უილიამსი უსაფრთხოდ დააბრუნა. ასტრონავტებს Boeing Starliner-ის ტექნიკური პრობლემის გამო ორბიტაზე თავდაპირველად განსაზღვრულ დროზე მეტხანს მოუწიათ დარჩენა.

ახლა კი NASA-მ და SpaceX-მა გადაწყვიტეს, ასტრონავტების პირველადი ევაკუაციის მანქანადაც Tesla Cybertruck-ი გამოიყენონ. ეს ნიშნავს, რომ Tesla Cybertruck-ი, რაკეტის გაშვების პუნქტთან ახლოს ასტრონავტებს დაელოდება და საფრთხის არსებობის შემთხვევაში, მათ აფეთქების პოტენციური ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანს.

ამერიკული ელექტროპიკაპი მძიმეწონიანი და ძვირად ღირებული MRAP-ის ტიპის ჯავშანმანქანების ნაცვლად შეირჩა. ამის ძირითადი მიზეზი Cybertruck-ის მაღალი აჩქარებაა. ელექტროპიკაპს პოტენციურად საშიში ზონიდან ასტრონავტებისა და სამაშველო ჯგუფების გაცილებით სწრაფად გაყვანა შეუძლია, ვიდრე ტრადიციული მძიმეწონიანი ჯავშანმანქანები ახერხებენ.

NASA-ს ინფორმაციით, ავტომობილის შერჩევას წინ დეტალური ტესტირებები უძღოდა. ინჟინრებმა ელექტროპიკაპი დეტალურად შეამოწმეს, გამოსცადეს, თუ რამდენად მარტივად შეძლებდნენ სრულად აღჭურვილი ასტრონავტები ელექტროპიკაპის კარების გაღებას, სალონში ჩაჯდომასა და ავტომობილით რამდენიმე წამში ტერიტორიის დატოვებას. როგორც ჩანს, Cybertruck-მა ყველა გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

მეორე მხრივ კი, ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ Tesla-ს თავისტკივილი ცოტათი მაინც შეუმსუბუქდებოდა. ალბათ გახსოვთ, რომ ელექტროპიკაპზე დაბალი მოთხოვნის გამო, მათი სოლიდური ნაწილი SpaceX-მა შეიძინა. ამ ორ კომპანიას კი ერთი მფლობელი ჰყავს. დამატებით, Tesla გაუყიდავ ელექტროპიკაპებს სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიისთვის ან კომპანიის შიდა მანქანებადაც იყენებდა. თუმცა Cybertruck-ს უკვე ახალი მისია აკისრია და ასტრონავტების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები