Toyota 508 000 Camry-ს უკან გაიწვევს | ავტომობილებში უსაფრთხოების ხარვეზი გამოვლინდა
იაპონურმა ავტომწარმოებელმა, Toyota-მ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტომობილების მასშტაბური უკან გაწვევის რაუნდი დააანონსა. კომპანიამ მძღოლებს 508 000-ზე მეტი ერთეული ახალი თაობის Camry-ს უკან გაწვევის შესახებ აცნობა, მიზეზად კი ციფრული ხელსაწყოთა პანელის პროგრამული ხარვეზი დაასახელა. Toyota-ს ინფორმაციით, დეფექტმა შესაძლოა ავტომობილში მოხვევის მაჩვენებლების, ავარიული მაშუქების და უსაფრთხოების გამაფრთხილებელი ხმოვანი სიგნალების გათიშვა გამოიწვიოს.
ასევე დაგაინტერესებთ: რა არის „რიქოლი“ და რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა?
უკან გაწვევა 2025 და 2026 წლის (მოდელის) Toyota Camry-ს ავტომობილებს ეხება, რომლებიც 7-დუიმიანი ხელსაწყოთა პანელითაა აღჭურვილი. ე.წ. კომბინირებული პანელი, როგორც მას უწოდებენ, მძღოლს აწვდის ინფორმაციას სიჩქარის, საწვავის დონისა და სხვადასხვა გამაფრთხილებელი ინდიკატორის შესახებ. დეფექტის მიზეზით კი ეკრანი შესაძლოა დაქოქვისას საერთოდ არ ჩაირთოს, შედეგად კი მოხვევის მაჩვენებლები, ავარიული მაშუქები და უსაფრთხოების გაფრთხილების ხმოვანი სიგნალებიც გამორთული დარჩეს. მსგავსი სცენარი ზრდის როგორც დაშავების, ასევე ავარიის რისკებს.
დეფექტის გამოსასწორებლად, Toyota-ს სადილეროებში ავტომობილებისთვის ციფრული პანელის პროგრამული განახლება უფასო იქნება. კომპანიის განცხადებით, Camry-ს მფლობელები ცენტრებში ვიზიტისთვის შეტყობინებებს ოქტომბრის დასაწყისამდე მიიღებენ. Camry-ს მძღოლებს შეუძლიათ თავადაც, Toyota-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ან NHTSA-ს ბაზაში შეამოწმონ, ეხებათ თუ არა მათ მოდელებს კომპანიის მიერ დაანონსებული უკან გაწვევის რაუნდი.

NHTSA-ს მონაცემებით, Toyota-მ მხოლოდ მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში 18-ჯერ გაიწვია უკან ავტომობილები. რაოდენობით კომპანია Hyundai-სთან ერთად მეოთხე ადგილს იკავებს. სამეულს კი Ford-ი (63), Chrysler-ი (25) და General Motors-ი (19) ავსებენ.
ცნობისთვის, Toyota Camry უკვე წლებია ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად სამგზავრო ტიპის ავტომობილად რჩება. კომპანიის ინფორმაციით, გაყიდვების მაჩვენებლით, 2025 წელი მოდელისთვის რეკორდული აღმოჩნდა.