$15-მილიონიანი სანომრე ნიშანი Mansory-ს Cybertruck-ზე | სტანდარტული დღე დუბაიში
დუბაიში გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში მალევე ვირუსულად გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, თუმცა რეალურად, ალბათ, ეს ისაა, რაც ამ ქალაქში არავის უკვირს. ვიდეოში, რომელიც LinkedIn-ზე კომპანია 1rank Digital-მა გამოაქვეყნა, Mansory-ს მიერ მოდიფიცირებული Tesla Cybertruck-ი ჩანს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული სანომრე ნიშანი აქვს დამაგრებული.

ერთი შეხედვით ნომერი მარტივი და მინიმალისტურია. P7 შესაძლოა ბევრისთვის მართლაც არაფერს ნიშნავდეს, თუმცა რეალურად, ის გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული სანომრე ნიშანი. ნომერი 2023 წლის აპრილში, საქველმოქმედო აუქციონზე, ასტრონომიურ ფასად — 15 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

თუმცა დუბაიში ეს ფაქტობრივად არავის უკვირს — აქ ერთნიშნა თუ ორნიშნა ნომრებზე ნამდვილი სანადირო ბუმია. მაგრამ ეს შემთხვევა მაინც განსხვავებულია, რადგან აუქციონს მნიშვნელოვანი საქველმოქმედო დანიშნულება ჰქონდა. თანხა სრულად One Billion Meals-ის ფონდში გადაირიცხა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შიმშილის წინააღმდეგ იბრძვის და სიღარიბეში მყოფ მოსახლეობას საკვებით უზრუნველყოფს.
საინტერესოა ისიც, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსგავსი ექსკლუზიური ნომრები უფრო მეტად ფიზიკურ პირებს ეკუთვნით. სწორედ ამიტომ, სანამ „P7“ ფუტურისტულ პიკაპზე გამოჩნდებოდა, ის Tesla Model X-ს ამშვენებდა.
ასევე დაგაინტერესებთ: Mansory-ის კიდევ უფრო მახინჯი Cybertruck-ი, უცნაური სახელწოდებით

მაგრამ ამ შემთხვევაში არანაკლებ საინტერესო თავად ის მოდელია, რომელსაც ყველაზე ძვირად ღირებული სანომრე ნიშანი ამშვენებს. ეს გახლავთ Tesla-ს ელექტროპიკაპის ყველაზე მძლავრი, ფლაგმანური ვერსია Cyberbeast-ი, რომელზეც გერმანულმა ტიუნერმა Mansory-მ იმუშავა. ექსკლუზიური პაკეტი კარბონის დეტალებს, საბარგულის სპოილერებსა და Mansory Elongation-ის საფირმო დისკებს მოიცავს და საბაზისო მოდელის ფასს კიდევ $100 000-ით ზრდის.