ავარია, აშშ, ტოიოტა, ტოიოტა ქემრი, ტრაილერი
Aa
Aa

ნიუ-იორკში ტრაილერი ხიდს გამოედო, გადაბრუნდა და Camry დააზიანა

ნიუ-იორკში სატვირთო ავტომობილის მძღოლი ესტაკადასთან სასტიკ შეჯახებას სრულიად უვნებელი გადაურჩა — რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით Toyota-ს მძღოლზე, რომელსაც გადმოყირავებული ტრაილერი დაეცა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავარია დაახლოებით 12:20 საათზე, New York State Thruway-ს სამხრეთის მიმართულების ზოლზე მოხდა. ინციდენტი უკან მიმავალი სატვირთოს ვიდეორეგისტრირატორმა გადაიღო. კადრებში ჩანს, რომ ტრაილერის ზედა ნაწილი ესტაკადას მაგისტრალის სიჩქარით ეჯახება. ვიდეოში არ ჩანს დამუხრუჭების ან მანევრის მცდელობა — არც ერთი მომენტი, სადაც მძღოლი მოსალოდნელ შეჯახებას აცნობიერებს.

დარტყმის ძალამ სატვირთო ავტომობილი, რომელსაც საზღვაო კონტეინერი გადაჰქონდა, მყისიერად გადახარა, რის შემდეგაც ის გვერდზე გადაბრუნდა და გზაზე გასრიალდა. ბედის ირონიით, სწორედ ამ დროს მაგისტრალის საგზაო ზოლის პირას შავი Toyota Camry იდგა, რომელსაც გადაბრუნებული სატვირთო შეეჯახა.

სამართალდამცავებს გზის რამდენიმე საათით დაკეტვა მოუწიათ, სანამ ტერიტორიას გაწმენდდნენ. ტრაილერის მძღოლი დაჯარიმდა ავტომობილის მართვისთვის, რომელიც დასაშვებ მაქსიმალურ სიმაღლეს — 13 ფუტსა და 6 ინჩს (დაახლ. 4.11 მეტრი) აღემატებოდა. უცნობია, ეს უბრალო უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ ჩადენილი ქმედება, თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს — მძღოლი ტვირთის სიმაღლეს ნებისმიერ დროს უნდა აცნობიერებდეს.

CBS News-ის ცნობით, Camry-ს ვინაობადაუდგენელი მძღოლი მიღებული დაზიანებების გამო სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებების სიმძიმე არ საჯაროვდება, თუმცა ექიმები ვარაუდობენ, რომ ის გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ხიდმა საკმაოდ ძლიერი დარტყმა მიიღო, საგზაო ადმინისტრაციის განცხადებით, მას სერიოზული დაზიანება არ მიუღია და შეკეთებას არ საჭიროებს. ცნობისთვის, აღნიშნულ ხიდს მაღალი სატვირთო სამი წლის წინაც შეეჯახა, რის შემდეგაც მას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა.

მსგავსი სიახლეები