ფორდი, მერსედეს ჯი კლასი, ფორდ ბრონკო, ლინკოლნი
Aa
Aa

Lincoln-ი Bronco-ს ბაზაზე G-Class-ის კონკურენტს ამზადებს | თან ნახევარ ფასად

იმას, რასაც წლებია, ალბათ ყველა BMW-სგან ველით, მალე შესაძლოა Ford-ის პრემიუმ ბრენდმა, Lincoln-მა, შემოგვთავაზოს. გავრცელებული ინფორმაციით, Lincoln-ი უახლოეს მომავალში, შანსია, იმ სეგმენტში ვიხილოთ, სადაც უკვე წლებია Mercedes-Benz G-Class-ი ბევრისთვის უპირობო ლიდერია.

მართალია, ამ ეტაპზე დადასტურებული არაა, თუმცა უკვე აქტიურად იწერება, რომ თავისი ახალი, უგზოობისთვის განკუთვნილი SUV-ის ბაზად Lincoln-ი Ford Bronco-ს ტექნიკურ საფუძველს გამოიყენებს. ახალი მოდელი კი G-Class-ზე ბევრად იაფიც იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ: 10 ყველაზე გამძლე ყველგანმავალი ისტორიაში?

მართალია, Lincoln-სგან SUV-ები არ გვიკვირს, თუმცა ბრენდს უგზოობისთვის კონკურენტული შესაძლებლობების მქონე სერიოზული მოდელი ამ ეტაპზე არ ჰყავს. მაგრამ ეს მოცემულობა შესაძლოა 2030 წლამდე შეიცვალოს. Detroit Free Press-ის ინფორმაციით, Ford-ის გეგმებთან დაკავშირებულმა წყაროებმა განუცხადეს, რომ ახალი Lincoln-ის პროექტი უკვე განვითარების ფაზაშია.

AutoForecast Solutions-ის წარმომადგენლის, Sam Fiorani-ის, ინფორმაციით, პროექტისთვის Lincoln-ის გუნდს უკვე შიდა კოდიც აქვს, ხოლო წარმოებაში ჩაშვება 2029 წლის ზაფხულის მიწურულისთვის იგეგმება. ავტომობილი Ford Bronco-სთან ერთად, მიჩიგანის შტატში მდებარე Wayne-ის ქარხანაში უნდა აეწყოს.

ამასთან ერთად, Lincoln-ის ერთ-ერთი დილერის ცნობით, ისინი ავტომწარმოებლისგან Mercedes-Benz-ის G-Class-ის მსგავსი, კუთხოვანი დიზაინის მქონე SUV-ის შექმნას ითხოვენ. მოდელი Bronco-ს არქიტექტურის შესაბამისად აეწყობა, თუმცა ინტერიერი და სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა უფრო პრემიუმ სეგმენტისთვის განკუთვნილი ექნება.

რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ახალი Lincoln-ის ფასი, სავარაუდოდ, 70 ათასი აშშ დოლარიდან დაიწყება. თუ ეს მოლოდინები გამართლდა, ეს მოდელი ბრენდის ამჟამინდელ ფლაგმან Navigator-ზე იაფი იქნება, რომლის ფასიც 89 995 აშშ დოლარიდან იწყება. შედარებისთვის, Mercedes-Benz G 550-ის საწყისი ფასი აშშ-ში 153 900 აშშ დოლარია.

ჯერჯერობით Lincoln-ის ახალი SUV-ის ტექნიკურ შესაძლებლობებზე არაფერი ვიცით. თუმცა მის ბაზად Bronco-ს გამოყენება საკმაოდ კარგ საწყისს აძლევს. შედარებით უფრო მძლავრ Bronco-ებში 2.7-ლიტრიანი V6 ძრავაა გამოყენებული, რომელიც 330 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო Bronco Raptor-ის 3-ლიტრიანი V6 — 418 ცხენის ძალას აღწევს.

შესაბამისად, Lincoln-ს როგორც გამავლობის, ისე დინამიკის მხრივ კონკურენტუნარიანი შესაძლებლობები ექნება, თუმცა რამდენად იქნება ეს საკმარისი G-Class-თან წინააღმდეგობისთვის, ამას დრო გვაჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები