ტექნოლოგიები, მყარსხეულიანი ბატარეა, ჯილი
Aa
Aa

Geely-ს მყარსხეულიანი ბატარეა მილიონ კილომეტრს გაძლებს — სატესტო გამოცდა მალე იწყება

ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ინოვაციური მყარსხეულიანი ბატარეა ბაზარზე გამოჩენას უახლოვდება. გასაკვირი არ არის, რომ ერთ-ერთი პირველი ჩინური გიგანტი იქნება, რომელიც ამ ტექნოლოგიას სერიულ ავტომობილებზე გამოცდის.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

საუბარია Geely-ზე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ელემენტების შემუშავებაზე და მათი ტესტირება პროტოტიპებზე უკვე დაიწყო. ახალი აკუმულატორების ენერგეტიკული სიმჭიდროვე 500 ვტ.სთ/კგ-მდე აღწევს, ხოლო მომავალი წლიდან Geely-ს ჯგუფში შემავალი ბრენდები ამ ელემენტების სატესტო რეჟიმში მიღებას დაიწყებენ.

Geely-ს განცხადებით, მყარსხეულიანი ელემენტებით აღჭურვილი ელექტრომობილების სვლადობა დიზელის ავტომობილებისას გაუტოლდება და 1000 კილომეტრს გადააჭარბებს ერთ დამუხტვაზე. ახალ ბატარეებს მომავალ წელს სატესტოდ Geely-ს ისეთი წამყვანი ბრენდები მიიღებენ, როგორებიც  Zeekr-ი, Lynk & Co, Volvo, Polestar-ი, Lotus-ი და Smart-ი არიან.

1 000 000 კილომეტრიანი რესურსი

მხოლოდ რეკორდული ენერგეტიკული სიმჭიდროვე არ არის ის, რაც Geely-ს ბატარეებს რევოლუციურად აქცევს. CarNewsChina-ს ცნობით, ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ ამ აკუმულატორების სიცოცხლისუნარიანობა 1 000 000 კილომეტრამდე იქნება, რაც სრულიად აქარწყლებს ყოველგვარ ეჭვს ელექტრომობილის ბატარეის გამძლეობასთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია უკვე მზადყოფნაშია, Geely-ს ჯერ არ დაუზუსტებია, დაიწყება თუ არა სრული მასობრივი წარმოება მომავალ წელსვე და შეძლებენ თუ არა მომხმარებლები ასეთი ელექტრომობილების დაუყოვნებლივ ყიდვას სატესტო ეტაპის დასრულებისთანავე.

ვინაიდან აშშ აგრძელებს ჩინურ ავტომობილებზე მაღალი საბაჟო ტარიფების დაწესებას, Geely-ს მყარსხეულიანი ბატარეები ამერიკულ ბაზარზე, სავარაუდოდ, ვერ მოხვდება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ტექნოლოგია დასავლეთს გვერდს აუვლის: ისეთი გიგანტები, როგორებიცაა Stellantis-ი, Karma, Ford-ი და GM-ი, ასევე აქტიურად მუშაობენ მყარსხეულიანი და სხვა ახალი თაობის ბატარეების შექმნაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები