მერსედეს ეიემჯი სი63, მერსედეს ეიემჯი, მერსედესი ცე კლასი
Aa
Aa

Mercedes C63 ახალ V8-ს ვერ მიიღებს | მიზეზი საკმაოდ "მოსაწყენია"

Mercedes-AMG-ის ახალი 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 შტუტგარდში დაფუძნებული ავტომწარმოებლის არაერთ მოდელში გამოჩნდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამჟამინდელ C63-ს ამ ძრავის მიღების შანსი თითქმის აღარ აქვს. ამის რეალური მიზეზი კი არც ტექნიკური პრობლემა და არც სიმძლავრის შეზღუდვა არ გახლავთ — სინამდვილეში, საქმე წმინდად ფინანსურ გათვლებს ეხება.

ასევე დაგაინტერესებთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

Mercedes-AMG-ის ახალი V8 (მუხლა ლილვით ერთ სიბრტყეში) გამონაბოლქვზე Euro 7-ის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ძრავა წარმოდგენილი იქნება ისეთ მოდელებში, როგორებიც CLE Coupe-სა და CLE Cabriolet-ის უფრო მძლავრი ვერსიებია, რის გამოც არსებობდა მოლოდინები, რომ Mercedes-ი ახალ აგრეგატს C63-საც გაიმეტებდა. შედეგად კი, მოდელი იმ V8 ძრავასაც დაიბრუნებდა, რომელსაც ბევრი ავტომოყვარული ასე ელოდება.

თუმცა Mercedes-ის პროდუქტის მართვისა და გლობალური ტრენინგის ხელმძღვანელმა, კლაუს რეხკუგლერმა, განაცხადა, რომ ამ თაობის C-Class-ში V8-ის დაბრუნება, დიდი ალბათობით, ფინანსურად გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 4-კარიანი C63 კომპანიის რამდენიმე წამყვან ბაზარზე, მათ შორის, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, იაპონიაში, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, საკმაოდ პოპულარული იყო, Mercedes ამ თაობის C63-ის V8-ით დაბრუნებას არ განიხილავს.

მიზეზი კი საკმაოდ მარტივია: ახალი ძრავის C-Class-ისთვის მორგებას დიდი ინვესტიცია სჭირდება, ხოლო ამჟამინდელი თაობის სასიცოცხლო ციკლი კომპანიისთვის ამ ხარჯის ამოსაღებად საკმარის დროს არ ტოვებს.

ამავდროულად კი, არსებული თაობის C63-ის მომავალი ისედაც გაურკვეველია. დღეს მოდელი 2-ლიტრიან ტურბოძრავაზე დაფუძნებულ plug-in ჰიბრიდულ სისტემას იყენებს, თუმცა, წესით, მისი წარმოება მალე შეწყდება. არსებული C63-ის ადგილას კი Mercedes-AMG ახალ C53-საც ამზადებს, რომელიც ჰიბრიდულ ძრავას გამოიყენებს. თუმცა, იმის მიუხედავადაც, რომ მას ორი ცილინდრით მეტი ექნება, წარმადობით C63-ს მაინც ვერ გაუტოლდება.

მაგრამ შეგვიძლია იმედი დავიტოვოთ, რომ V8-იანი C63-ის ისტორია საბოლოოდ მაინც არ დასრულებულა. ბაზარზე არსებული C-Class-ის ეს თაობა 2021 წლიდან იწარმოება და ცოტა ხნის წინ განახლებაც მიიღო. ახალი თაობის C-Class-ის გამოშვება კი, სავარაუდოდ, 2028 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

რეხკუგლერმა არ გამორიცხა, რომ სწორედ მომდევნო თაობის C-Class-ში უკვე შესაძლოა V8 ძრავა ვიხილოთ. Mercedes-ის გეგმით კი, აგრეგატის წარმოებაში დატოვება სულ მცირე 10 წელი იგეგმება, რაც იმედებს მართლაც რომ გვიტოვებს.

მსგავსი სიახლეები