M2-ის ისტორია ჯერ არ დასრულებულა | BMW ახალ ვერსიას ამზადებს
BMW M2-ის ისტორია, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ დიდხანს არ დასრულდება. გავრცელებული ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ გერმანულმა ავტომწარმოებელმა სრულამძრავიანი xDrive ახლახან წარადგინა, BMW M-ის დანაყოფი თავისი ყველაზე პატარა ზომის სპორტული კუპესთვის კიდევ ერთ მოდიფიკაციაზე უკვე მუშაობს.
ინფორმაცია BMW-ს შიდა მონაცემთა ბაზაზე წვდომის მქონე პირისგან გავრცელდა. ანონიმური წყაროს ცნობით, როგორი იქნება M2-ის სამომავლო მოდიფიკაცია, ჯერ უცნობია, თუმცა ვარაუდები უკვე არსებობს. თუმცა, ახალი ვერსიის გამოჩენას უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდოთ, რადგან M2 xDrive, როგორც გითხარით, ჯერ საკმაოდ ახალია.
ასევე დაგაინტერესებთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „ბიემვის" ოდესმე შეუქმნია
ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი შესაძლოა მექანიკური გადაცემათა კოლოფით აღჭურვილი BMW M2 CS იყოს. მსგავსი მიდგომა მიმდინარე წელს BMW-მ ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრისთვის წარმოდგენილ მექანიკურ M3 CS-შიც გამოიყენა. ასევე, არაა გამორიცხული, რომ მომავალში სრულამძრავი M2 CS xDrive-ც ვიხილოთ, რომელიც ისტორიაში ყველაზე სწრაფი M2 გახდება. ეს ვარაუდი ლოგიკურიც ჩანს, რადგან BMW უკვე აწარმოებს სრულამძრავიან CS მოდიფიკაციებს M3 Sedan-ის, M3 Touring-ისა და M4 Coupe-ისთვის.

თუმცა მაინც, ყველაზე საინტერესო, რისი დაშვებაც შეგვიძლია, ალბათ BMW M2 CSL-ია. მისი გამოჩენა BMW-ის წარმომადგენლებს ჯერ არც გამოურიცხავთ. თუ M2 CSL მართლაც გამოვა, ის შესაძლოა M4 CSL-ის მსგავსად უფრო მსუბუქი და ტრეკზე ორიენტირებული ავტომობილი იყოს და, მათ შორის, არც უკანა სავარძლები ჰქონდეს.
ავტომოყვარულებისთვის განსაკუთრებით საინტერესო ამ ავტომობილის მექანიკური გადაცემათა კოლოფით ხილვა იქნება. გერმანულმა ავტომწარმოებელმა უკვე არაერთხელ თქვა, რომ მექანიკური ტრანსმისიის ეპოქა დასასრულს უახლოვდება, ამიტომ ამ ვერსიის M2 CSL-ს შესაძლოა სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდეს.

ცნობილია, რომ მეორე თაობის BMW M2-ის წარმოება 2029 წლის შუა პერიოდამდე გაგრძელდება. ეს კი ნიშნავს, რომ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე წელი იმისთვის, რომ მოდელის არსებული ფორმულა კიდევ უფრო დახვეწოს და ახალი, უფრო ექსტრემალური ვერსიებიც წარმოადგინოს.

გავრცელებული ინფორმაციით, მეორე თაობის BMW M2-ის წარმოება 2029 წლის შუა პერიოდამდე გაგრძელდება. შესაბამისად, კომპანიას ჯერ კიდევ რამდენიმე წელი აქვს იმისთვის, რომ მოდელის არსებული ფორმულა კიდევ უფრო დახვეწოს და ახალი, უფრო ექსტრემალური ვერსიებიც წარმოადგინოს.
საბოლოოდ კი, როგორიც არ უნდა იყოს BMW-ს სამომავლო გეგმა, ერთი რამ ნათელია — ახალი თაობის M2-ის ფასი შესაძლოა ექვსნიშნა ნიშნულს კიდევ უფრო მიუახლოვდეს. M2 CS-ის სრული კომპლექტაციის ღირებულებამ კი $100 000-ს უკვე გადააჭარბა.