ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა, რობოტები, გაფიცვა
Aa
Aa

Hyundai-ს თანამშრომლები 10 წელიწადში პირველად გაიფიცნენ — მიზეზები

Hyundai-სა და Kia-ს სამხრეთკორეელმა თანამშრომლებმა ქარხნებში საწარმოო ხაზები გააჩერეს და ბოლო ათწლეულის განმავლობაში პირველი მასშტაბური გაფიცვა გამოაცხადეს. გაფიცვაში, რომელიც პროფკავშირების გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა, Hyundai-ს 40 000-მდე თანამშრომელი და მომწოდებელი კომპანიების პერსონალი ჩაერთო. გაფიცულებმა საპროტესტო აქცია სეულში, Hyundai Motor Group-ის სათავო ოფისის წინ გამართეს.

პროფკავშირების მთავარი მოთხოვნები ხელფასების მომატებას, პრემიების 50%-ით გაზრდას და სავალდებულო საპენსიო ასაკის 60-იდან 65 წლამდე გაზრდას უკავშირდება. თუმცა, ამას გარდა, გაფიცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე მიზეზი ხელოვნური ინტელექტისა და ავტომატიზაციისგან სამუშაო ადგილების დაცვა გახდა.

მუშახელის შეშფოთება განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Hyundai თავის ქარხნებში Boston Dynamics-ის წარმოებული ჰუმანოიდი რობოტების დანერგვას გეგმავს. კომპანიის გეგმით, რობოტები პირველად ამერიკულ Metaplant-ის ქარხანაში გამოჩნდებიან დეტალების დახარისხებაზე, ხოლო 2028-2030 წლებიდან მათი გამოყენება ავტომობილების აწყობის პროცესშიც იგეგმება. მუშებს აქვთ საფუძვლიანი შიში, რომ კომპანია ხარჯების ოპტიმიზაციისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით ცოცხალ მუშახელს რობოტებით ჩაანაცვლებს.

გაფიცვის გამო შეჩერდა ავტომობილების წარმოება ულსანის, ჯონჯუსა და ასანის მთავარ ქარხნებში. ივლისიდან მოყოლებული ნაწილობრივი და სრული გაფიცვების შედეგად, კომპანიამ უკვე 55 200-ზე მეტი ავტომობილის გამოშვება ვერ შეძლო, რაც 1.67 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ზარალს უდრის.

Hyundai-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ საპენსიო ასაკის გაზრდასა და უზარმაზარ ბონუსებზე შეთანხმება სამართლებრივი და ეკონომიკური თვალსაზრისით რთულია, ხოლო რობოტების დანერგვა სამხრეთ კორეის ქარხნებში ჯერ ოფიციალურ მოლაპარაკებების საგნად არ ქცეულა. მიუხედავად ამისა, მხარეებს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს, რაც უარყოფითად მოქმედებს კომპანიის გლობალური გაყიდვების გეგმაზეც.

მსგავსი სიახლეები