„სუპერქარები ნაქირავები იყო“ | ტეიტების ადვოკატების აღიარება
მაიამის ფედერალურ ციხეში მყოფი ძმების, ენდრიუ და ტრისტან ტეიტების, ადვოკატებმა საინტერესო განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, იმ ძვირად ღირებული ავტომობილებისა და მდიდრული იახტების ნაწილი, რომლებითაც ტეიტები სოციალურ ქსელში ხშირად ჩნდებოდნენ, რეალურად, ტრეფიკინგში, გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ძმებს არ ეკუთვნოდათ.
იურიდიული წარმომადგენლების მტკიცებით, ენდრიუ ტეიტი სოციალურ მედიაში თავის სიმდიდრეს „განზრახ აზვიადებდა“, რადგან მისი ბიზნესმოდელი ონლაინ სივრცეში ყურადღების მიზიდვაზეა დამოკიდებული. ადვოკატების განმარტებით, სოციალურ ქსელებში მსგავსი კონტენტი დიდი რაოდენობით მოწონებისა და ნახვის მისაღებადაა განკუთვნილი.

სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით, საქმის პროკურორები აცხადებენ, რომ არსებობს შანსი, ძმები ციხიდან გაიქცნენ. თუმცა, სასამართლოსთვის წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, სოციალურ ქსელებში ნაჩვენები სუპერიახტა ტეიტების საკუთრება არ ყოფილა — მისი რეკლამირებისთვის ინფლუენსერ ძმებს თანხა გადაუხადეს. ამასთან, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ზოგიერთი ავტომობილი, მათ შორის Aston Martin-ისა და Bugatti-ის მოდელები, ნაქირავები იყო.
სასამართლო დოკუმენტში კონკრეტული ავტომობილებიცაა დასახელებული. მაგალითად, ტრისტან ტეიტის ვიდეოებში გამოჩენილი $2.1 მილიონის ღირებულების Aston Martin-ი, ასევე, Bugatti-ს $5 და $7 მილიონად შეფასებული მოდელები. თუმცა, იურისტების მტკიცებით, ისინი ნაქირავები იყო. დოკუმენტში ასევე ნახსენებია ენდრიუ ტეიტის X-ის ანგარიში და მისი განცხადებები, თითქოს მისმა პოსტებმა ცხრანიშნა თანხის შემოსავალი მოიტანა.

„ყველა ეს პოსტი გაზვიადებულია“, — წერენ ბრალდებული ტეიტების ადვოკატები.
ცნობისთვის, ძმები ენდრიუ და ტრისტან ტეიტები გასულ თვეში მაიამიში დააკავეს. გაერთიანებულ სამეფოში მათ წინააღმდეგ 38 ახალი ბრალდებაა წარდგენილი, მათ შორის, გაუპატიურებასა და სექს-ტრეფიკინგთან დაკავშირებულ დანაშაულებზე. ამჟამად, ტეიტებს ჯამში 59 ბრალდებას ედავებიან, რომლებიც 2010 წლის ივლისიდან 2017 წლის აგვისტომდე პერიოდში ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდება. თუმცა, ისინი ყველა ბრალდებას უარყოფენ.