პორშე, სუბარუ, სპორტქარი, სუბარუ ლეგასი, ჯეი დი ემი, სუბარუ ლეგასი ბი4 ბლიცენი
Aa
Aa

როცა Porsche-მ Subaru Legacy გაალამაზა — რა არის B4 Blitzen-ი?

Porsche Design-ისა და Subaru-ს თანამშრომლობა, ერთი შეხედვით, ძალიან უცნაურია, თუმცა ავტომობილების ინდუსტრია რომ სიურპრიზებითაა სავსე, ესეც არახალია. უმეტესობა Porsche-ს დიზაინის სტუდიას დახვეწილ ქრონოგრაფებთან და პრემიუმ კლასის სხვა აქსესუარებთან აიგივებს. ბევრად ცოტამ თუ იცის, რომ ამ გერმანულმა სტუდიამ თავისი ხელი იაპონურ საოჯახო სედანსაც დაატყო და შექმნა Subaru Legacy-ს სპეციალური ვერსია, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო JDM ეგზოტიკად რჩება.

Porsche ყოველთვის ასოცირდებოდა სიზუსტესთან, ფუფუნებასა და დახვეწილ სტილთან. Subaru-ს Legacy B4 Blitzen-ის შექმნისას სწორედ ეს თვისებები გამოიყენა და შედეგიც შესანიშნავი გამოვიდა. გერმანულად „Blitzen“ „ელვას“ ნიშნავს — რითაც ხაზი გაესვა იმას, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი Legacy.

რა არის Subaru Legacy B4 Blitzen?

Subaru Legacy B4 Blitzen წარმოადგენდა მესამე თაობის Subaru Legacy-ს სპეციალურ სერიას (გამოდიოდა როგორც სედანის, ისე უნივერსალის სახით), რომელიც ექსკლუზიურად იაპონიის ბაზარზე 2000-დან 2003 წლამდე იყიდებოდა.

სანამ Subaru ინჟინერიაზე ზრუნავდა — ინარჩუნებდა თავის საფირმო ბოქსერის ტიპის ძრავასა და სიმეტრიული სრული ამძრაობის სისტემას — Porsche Design-მა ავტომობილის ექსტერიერსა და ინტერიერს სრულიად ახალი, მდიდრული იერი შესძინა.

გერმანულმა სტუდიამ ავტომობილს სრულიად ახალი აეროდინამიკური პაკეტი შეუქმნა — წინა ბამპერი ორი ფართო ჰაერმიმღებით, დახვეწილი გვერდითი კარნიზები და უკანა ბამპერი დამატებითი ვენტილაციით, გამორჩეული, ორმაგი უკანა სპოილერი და Alfa Romeo-ს სტილის 17-დუიმიანი დისკები.

სალონში Porsche Design-ის გავლენა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო: მაღალი ხარისხის ტყავი, MOMO-ს საჭე და გადაცემათა ბერკეტი, ასევე საჭის სვეტზე დამონტაჟებული ტურბოს წნევის საზომი.

და რა იმალება კაპოტის ქვეშ? ვიზუალურ მხარესთან ერთად, Blitzen-ი ტექნიკურადაც უმაღლეს დონეზე იყო მომზადებული — 2.0-ლიტრიანი, 16-სარქვლიანი ოპოზიტური ძრავი სექვენციური Twin-Turbo სისტემით. დაბალ და საშუალო ბრუნებზე მუშაობდა პირველი ტურბინა, ხოლო მაღალ ბრუნებზე ირთვებოდა მეორეც. ამრიგად, ავტომობილი საკმაოდ სოლიდურ 276 ცხენის ძალასა და 343 ნიუტონს გამოიმუშავებდა.

0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად ავტომობილს 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით 5 წამზე ოდნავ მეტი სჭირდებოდა. ასევე, ხელმისაწვდომი იყო 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფიც. სავალ ნაწილში Blitzen-მა მიიღო სპეციალური დაკიდების სისტემა, თვითბლოკირებადი დიფერენციალი (LSD), ძარის დამატებითი გამაძლიერებელი და 4-დგუშიანი ვენტილირებადი სამუხრუჭე სისტემა.

იაპონიის შიდა ბაზარზე კარგ მდგომარეობაში მყოფი B4 Blitzen-ის ფასი დღესდღეობით 6000-დან 12 000 დოლარამდე მერყეობს.

2015 წლის ტოკიოს ავტო-სალონზე Subaru-მ სცადა ლეგენდის გაცოცხლება და წარადგინა მეექვსე თაობის Legacy B4 Blitzen Concept-ი იმავე საფირმო წითელ ფერში. თუმცა, პროტოტიპს Porsche Design-ის მონაწილეობა აღარ ეტყობოდა და არც სერიულ წარმოებაში ჩაშვებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები