ჰიუნდაი, სპორტული მოდელები, სპორტქარი, ჰიუნდაი ენი, ხოსე მუნიოსი
Aa
Aa

Hyundai-მ 2030 წლისთვის სპორტული ავტომობილების ტალღა დააანონსა

იმ დროს, როდესაც ავტომწარმოებლების უმეტესობა სპორტული ავტომობილების ასორტიმენტს ამცირებს, Hyundai სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდის. ყოველწლიურ CEO Investor Day-ზე Hyundai-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ხოსე მუნიოსმა განაცხადა, რომ კომპანიის N-ქვებრენდი ერთადერთი სპორტული ხაზი არ იქნება.

Hyundai გეგმავს შექმნას სრულიად ახალი სერია, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებს N-ის წარმადობის დიდ ნაწილს ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ფასად. ამასთან, კომპანია არც უშუალოდ N ბრენდს ივიწყებს და მისი მოდელების რაოდენობის გაზრდასაც აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ Hyundai-მ ბევრი დეტალი გაასაჯაროა, ახალი ხაზის სახელი ჯერჯერობით არ დასახელებულა. ეს სერია დაიკავებს შუალედურ პოზიციას ტრეკზე ორიენტირებულ სრულფასოვან N მოდელებსა და მხოლოდ ვიზუალური პაკეტით აღჭურვილ N Line ვერსიებს შორის.

მუნიოსის თქმით, ეს ავტომობილები მიიღებენ ტექნიკურ გაუმჯობესებებსა და აგრეგატებს უშუალოდ N-განყოფილებისგან, თუმცა ისინი უფრო ყოველდღიური გამოყენებისთვის იქნებიან ოპტიმიზებული, ვიდრე ტრეკზე რბოლისთვის. რაც ყველაზე მთავარია, მათი ფასი ბევრად უფრო დაბალი და ხელმისაწვდომი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი მოდელები მიიღებენ ამ ახალ სპორტულ დამუშავებას, თუმცა სავარაუდო კანდიდატებს შორის მოიაზრებიან Elantra (რომელსაც უკვე აქვს წარმატებული N-ვერსია), ელექტრომობილი Ioniq 5 და მასობრივი გაყიდვების ისეთი მოდელები, როგორებიცაა Kona, Sonata და შესაძლოა Tucson-იც კი.

Hyundai ნამდვილი სპორტული ავტომობილის გამოშვებასაც გეგმავს

ხოსე მუნიოსის განცხადებით, Hyundai-ს მიზანი სპორტული ავტომობილების გაყიდვების მკვეთრი ზრდაა. თუ გასულ წელს კომპანიამ დაახლოებით 20 000 N-მოდელი გაყიდა, ათწლეულის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი წლიურად 100 000 ერთეულამდე უნდა გაიზარდოს. ამისთვის 2030 წლისთვის N-მოდელების რაოდენობა არსებული 5-დან 7-მდე გაიზრდება.

ხშირად ავტომწარმოებლები უარს ამბობენ სპორტულ მოდელებზე, რადგან ისინი ნიშურ პროდუქტს წარმოადგენენ და მათი შემუშავება ძვირი ჯდება. თუმცა, მუნიოსის თქმით, Hyundai-სთვის სპორტული ხაზის გაფართოება "მხოლოდ ემოციური კი არ არის, არამედ ეს მომგებიანი ბიზნესია".

ეს ფაქტი განსაკუთრებით ახარებს ავტომოყვარულებს — Hyundai N-ის პროდუქტები თავის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნოდ მართვადი და ემოციური ავტომობილებია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს პროექტები კომპანიისთვის ფინანსურად მომგებიანია, დიდია შანსი, რომ ხელმისაწვდომი სპორტული Hyundai-ები ბაზარზე დიდხანს შემორჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები