იუთუბერი Demolition Derby-ზე ლიზინგით გამოყვანილი Jetta-თი გავიდა
ამერიკელმა იუთუბერმა სრულიად ახალი, ლიზინგით აყვანილი Volkswagen Jetta პირდაპირ ექსტრემალურ Demolition Derby-ზე (გადარჩენის რბოლა, სადაც ავტომობილები ერთმანეთს ეჯახებან) გაიყვანა. ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ ავტომობილი იმდენად დაზიანდა, რომ სადილეროში მისი დაბრუნების მცდელობას საკმაოდ უხერხული რეაქცია მოჰყვა.
ეს უჩვეულო იდეა ზანდერ კუკს გაუჩნდა — ფინტექ კომპანია Lease End-ის თანადამფუძნებელს. მან და მისმა მეწყვილემ გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, რამდენს გაუძლებდა სრულიად ახალი საოჯახო სედანი ექსტრემალურ რბოლაში.
„ჩვენ გვინდა ავიღოთ სრულიად ახალი მანქანა ლიზინგით, გავანადგუროთ ის ტრასაზე, ვირბოლოთ და შემდეგ ვცადოთ დილერისთვის უკან ჩაბარება. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ კომპანია მას ასეთ მდგომარეობაში არ დაიბრუნებს, რის შემდეგაც მას გამოვისყიდით!“, — განაცხადა კუკმა.
რბოლამდე Lease End-ის გუნდმა ავტომობილს მცირე მოდიფიკაციები ჩაუტარა — ამოიღეს უკანა სავარძლები წონის შესამცირებლად. ასევე, უსაფრთხოების მიზნით სრულად ამოიღეს მინის ფანჯრები და დააყენეს სპეციალური, გაძლიერებული ბამპერი.
ექსპერიმენტმა მოლოდინს გადააჭარბა: სერიულმა Volkswagen Jetta-მ გაუძლო უმძიმეს შეჯახებებს, მოიგო 3 საკვალიფიკაციო ეტაპი და ჩემპიონატში საპატიო მეორე ადგილი დაიკავა (სანამ დისკვალიფიკაციას მიიღებდა).

თუმცა, ფინიშის ხაზთან Jetta Mad Max-ის პერსონაჟების ტრანსპორტს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ თვინიერ სედანს, რომელსაც ქუჩაში ყოველდღე ხედავთ — ჩაჭყლეტილი ძარით, ჩამოკიდებული დეტალებით, ტალახითა და მრავალრიცხოვანი დაზიანებებით. მიუხედავად ამისა, მანქანა მაინც დადიოდა!
დილერის რეაქცია და მარკეტინგული სვლა
როდესაც გუნდმა განადგურებული Jetta ავტოსალონში მიიყვანა, თანამშრომლის რეაქციამ დიდხანს ვერ დააყოვნა: "ჩვენ ამას ასეთ მდგომარეობაში ვერ დავიბრუნებთ. ეს ნამდვილად არ ჯდება ბუნებრივი ცვეთის ფარგლებში!" — განაცხადა გაოცებულმა თანამშრომელმა.

როგორც ზანდერ კუკმა განმარტა, ეს შოუ მათი პლატფორმის პოპულარიზაციას ემსახურებოდა: ორგანიზატორებს სურდათ დაემტკიცებინათ, რომ მათი სერვისით ნებისმიერი ლიზინგის გამოსყიდვაა შესაძლებელი — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ავტომობილი რბოლაში სრულიად განადგურდა და ჩამოწერის ზღვარზეა.