$2.6-მილიონიანი Chevrolet Impala, რომლის ყველა დეტალი განსაკუთრებულია
ლოს-ანჯელესში 1964 წლის Chevrolet Impala-ს მოდიფიცირებული ვერსია გამოჩნდა, რომელმაც ყველა თავისი ინდივიდუალური დეტალით ავტომოყვარულების ყურადღება მაშინვე მიიპყრო. Chevrolet Impala-ს ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში mr.gotdamnit-ის სახელით ცნობილმა კონტენტკრეატორმა გამოაქვეყნა, მანქანის თითქმის ყველა საგულდაგულოდ შეცვლილი დეტალი ძალიან კარგად ჩანს.
მიუხედავად ავტომობილის უნიკალურობისა, Impala-ს ფასი მაინც განხილვის თემად იქცა. ბევრი დაინტერესდა კიდეც, რეალური იყო თუ არა მითითებული ფასი და ზოგმა ეს ღირებულება ეჭვქვეშაც კი დააყენა. როგორც თავადაც ხედავთ, საუბარი თითქმის სრულად მოდიფიცირებულ Chevrolet Impala-ზე გვაქვს, რომლის ფასიც $2.6 მილიონს აღწევს.

მაგრამ მაინც, ნამდვილად ღირს თუ არა ეს Impala $2.6 მილიონი?
შედარებისთვის, წარსულში საჯარო აუქციონზე Chevrolet Impala-ს ყველაზე ძვირად გაყიდული ეგზემპლარი 1959 წლის Impala Convertible იყო. მისმა ფასმა $368 500-ს მიაღწია. ამ შეფასებით, კიდევ უფრო სადავოა, რომ ამ მოდელის ფასი — მისი მოდიფიცირებების მიუხედავადაც — აუქციონზე $2.6 მილიონს მიაღწევს.

არც ისაა გამორიცხული, ეს $2.6 მილიონი ავტომობილის შექმნაზე დახარჯული თანხა იყოს. მანქანის ექსტერიერზე მართლაც რომ დიდი დრო და, წესით, ფინანსებიცაა დახარჯული, ამას დამატებული ინტერიერი, ძრავის განყოფილება და სხვა წვრილმანი დეტალებიც კი.
„ხელოსნობისა და დეტალებისადმი მსგავს ყურადღებას ეგვიპტელებიც კი დააფასებდნენ“ — აღნიშნა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა კომენტარებში.
View this post on Instagram
მართლაც, ავტომობილი დიდი სიზუსტით არის მოდიფიცირებული. განსაკუთრებულ ყურადღებას კი ძრავის განყოფილება იპყრობს, რომლის დიზაინიც სალონის, ბორბლებისა და დაკიდების სისტემის სტილს შეესაბამება. განსაკუთრებულადაა დამუშავებული კაპოტისა და საბარგულის შიდა მხარეებიც, მათ შორის დატანილია გრაფიტის სტილში შესრულებული პორტრეტები და სხვადასხვა ნახატები.