Ford-ი ბოლო 3 წელიწადში გამოშვებულ თითქმის ყველა Mustang-ს უკან იწვევს
Ford-ი ისევ თავის სტიქიაშია და ბოლომდე გამოსწორებასაც არ აპირებს — მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, „ლურჯმა ოვალმა“ თითქმის ყველა მეშვიდე თაობის (S650) Mustang-ი უკან გაიწვია. საერთო ჯამში, 2024-დან 2026 წლამდე გამოშვებულ 148 663 ავტომობილს ძრავის განყოფილებაში არსებული ელექტროგაყვანილობის პრობლემის გამო სერვისცენტრებში იბარებენ.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ფერმერმა ბიჭმა „ფორდის“ იმპერია?
NHTSA-სთვის (აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაცია) წარდგენილ დოკუმენტებში Ford-ი განმარტავს, რომ პრობლემა ძრავის განყოფილებაში გაყვანილობის დამცავი თერმული მილაკების არასწორმა დამატებამ გამოიწვია — დამცავი ფენა კლემებს მოქნილობას უზღუდავს. ძრავის ვიბრაციის შედეგად, დროთა განმავლობაში კლემები ტყდება და ელექტრული წრედი წყდება.

იმის მიხედვით, თუ რომელი მასის სადენი გაწყდება, შედეგი შეიძლება იყოს — საქარე მინის მრეცხავის ან კონდიციონერის გათიშვა, მაშუქების და განათების სისტემის გათიშვა, ძრავის გაგრილების ვენტილატორის გაჩერება და ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მოძრაობისას ძრავის უეცარი გამორთვა და სიმძლავრის დაკარგვა.
ხარვეზი 2027 წლის მოდელის სატესტო პროტოტიპზე გამძლეობის ტესტის დროს გამოვლინდა, როდესაც ძრავამ სიმძლავრე დაკარგა. შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ იგივე დეფექტი უკვე გაყიდულ 2024–2026 წლების მოდელებსაც ჰქონდათ. კომპანიამ უკვე მიიღო 8 საგარანტიო საჩივარი, თუმცა საბედნიეროდ, ინციდენტი ან ავარია ამის გამო არ მომხდარა.

Ford-ის დილერები უფასოდ შეცვლიან დაზიანებულ გაყვანილობას განახლებული კონსტრუქციის კლემებით. თუმცა, საჭირო ნაწილების დეფიციტის გამო, სრული შეკეთების პროცესი 2027 წლის მარტის ბოლოსთვის იგეგმება. Ford-ის ვარაუდით, პრობლემა რეალურად ავტომობილების დაახლოებით 1%-ს გამოუვლინდება.