კრიშტიანუ რონალდუს ავტოკოლექციის ღირებულება უკვე €30 მილიონს აჭარბებს
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს, ავტომობილების კოლექციის ღირებულება უკვე აჭარბებს 30 მილიონ ევროს. ეს კი მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის პირად ავტოფარეხს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კოლექციად აქცევს.
გასულ თვეში პორტუგალიელმა თავისი ავტოკოლექციის ნაწილი გამომწერებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებითაც დაათვალიერებინა. მარტივი შესამჩნევია, რომ კრიშტიანუს ავტოფარეხში უბრალოდ ძვირად ღირებული მანქანები არაა თავმოყრილი — მათი დიდი ნაწილი უიშვიათესი და საკოლექციო მოდელია, რომელთა ფასიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს.
ვრცლად: „ჩემი სათამაშოები“ | კრიშტიანუ რონალდუ თავისი ავტოფარეხიდან ფოტოებს აქვეყნებს
Bugatti Centodieci — დაახლოებით €10 მილიონი
რონალდუს კოლექციის ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი Bugatti Centodieci-ია. Bugatti-მ ეს მოდელი 2019 წელს მხოლოდ 10 ეგზემპლარად გამოუშვა და თითოეული მათგანი წარმოების დაწყებამდე გაიყიდა. Centodieci-ს 1 600 ცხენის ძალის მქონე W16 ძრავა უდგას, რომელიც 100 კმ/სთ-მდე მხოლოდ 2.4 წამში აჩქარების საშუალებას იძლევა. მაქსიმალური სიჩქარე კი 380 კმ/სთ-ს აღწევს.
ამ მოდელის საწყისი ფასი (გადასახადების გარეშე) €8 მილიონამდე იყო, თუმცა მისი იშვიათობის გამო, ზოგიერთი ეგზემპლარის ღირებულებამ უკვე 10 მილიონს მიაღწია.

Ferrari Daytona SP3 — €6 მილიონზე მეტი
რონალდუს კოლექციაშია Ferrari Daytona SP3-იც. მოდელი, რომელიც Ferrari-მ 1967 წლის Daytona-ს 24-საათიან რბოლაში გამარჯვების საპატივცემულოდ შექმნა. ეს მოდელი მხოლოდ 599 ეგზემპლარად დამზადდა და წინასწარ Ferrari-ს ყველაზე ერთგულ მომხმარებლებზე გაიყიდა. Daytona SP3-ს ატმოსფერული V12 ძრავი აქვს, რომელიც 840 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.85 წამში ახერხებს და მაქსიმალურ სიჩქარეს 340 კმ/სთ-ზე აღწევს.
მოდელის საწყისი ფასი დაახლოებით თუმცა დღეს, კოლექციონერები ამ მოდელში €6 მილიონზე მეტსაც იხდიან.

McLaren Speedtail — €4 მილიონამდე
რონალდუს ავტოფარეხის კიდევ ერთი განსაკუთრებული წარმომადგენელი McLaren Speedtail-ია. სუპერქარი ბრიტანულმა კომპანიამ 2018 წელს წარადგინა, როგორც ლეგენდარული McLaren F1-ის სულიერი მემკვიდრე. ის სულ 106 ეგზემპლარად დამზადდა და ყველა წარმოების დაწყებამდე გაიყიდა. მოდელი ტვინტურბო V8 ძრავითა და ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელთა კოლექტიური სიმძლავრე 1 050 ცხენის ძალას აღწევს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 3 წამი სჭირდება, მაქსიმალური სიჩქარე კი 403 კმ/სთ-ია.
ავტომობილის საწყისი ფასი გამოშვების დროისთვის დაახლოებით €2 მილიონი იყო, თუმცა დღეს საკოლექციო ბაზარზე მისი ღირებულება €2.3 მილიონიდან თითქმის €4 მილიონამდე მერყეობს.

Bugatti Tourbillon — €3.8 მილიონი
გასული წლის ბოლოს რონალდუს ავტოკოლექციას Bugatti Tourbillon-იც შეუერთდა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 1 800 ცხენის ძალის მქონე ავტომობილს თავადვე დიდი ინვესტიცია უწოდა. ამ სიმძლავრეს Tourbillon-ის 16-ცილინდრიანი ძრავისა და ჰიბრიდული სისტემის კოლაბორაცია გამოიმუშავებს. შედეგად, Bugatti-ს ჰიპერქარს ასაჩქარებლად მხოლოდ 2 წამი სჭირდება.
Bugatti სულ 250 ეგზემპლარის წარმოებას გეგმავს. ავტომობილის ფასი დაახლოებით €3.8 მილიონია, გადასახადების ჩათვლით კი საბოლოო ღირებულება კიდევ უფრო იზრდება.

Mercedes-AMG One — €3 მილიონამდე
რონალდუს კოლექციაშია Mercedes-AMG One-იც, ისტორიაში პირველი F1-ძრავიანი სუპერქარი. გერმანული კომპანიის ერთ-ერთი უიშვიათესი მოდელი, რომელიც მხოლოდ 275 ეგზემპლარად იწარმოება. AMG ONE-ის ჰიპერქარი 1.6-ლიტრიანი Mercedes V6-ითაა აღჭურვილი, რომელიც ლუის ჰამილტონის 2015 წლის ბოლიდში არსებული ძრავის თითქმის ტყუპისცალია. დამატებით, ოთხი ელექტროძრავის დახმარებით, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 1 063 ცხენის ძალას აღწევს.
მოდელის საწყისი ფასი €2.7 მილიონი იყო, თუმცა საკოლექციო ბაზარზე ავტომობილის ღირებულება უკვე დაახლოებით 3 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

Ferrari Monza SP1 — €1.6–1.75 მილიონი
Daytona SP3-მდე კი Ferrari-მ Monza SP1 შექმნა — ერთადგილიანი ღია ავტომობილი, რომელმაც საფუძველი იტალიური ბრენდის ექსკლუზიურ Icona-ს სერიას ჩაუყარა. SP1 და SP2 ჯამში მხოლოდ 499 ეგზემპლარად გამოვიდა. ავტომობილი 810 ცხენის ძალის მქონე V12 ძრავითაა აღჭურვილი, 100 კმ/სთ-მდე 2.9 წამში აჩქარდება და 300 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის განვითარება შეუძლია. მოდელის საწყისი ფასი €1.6–1.75 მილიონს შეადგენდა.

Bugatti Veyron — €1.5 მილიონი
კრიშტიანუს კოლექციის კიდევ ერთი ლეგენდა Veyron-ია, რომელიც ფეხბურთელმა წლების წინ შეიძინა. Veyron-ის წარმოება 2005 წელს დაიწყო და 2015 წლამდე გაგრძელდა. სხვადასხვა ვერსიის ჩათვლით, სულ 450 ეგზემპლარი დამზადდა. 1 001 ცხენის ძალის W16 ავტომობილს 100 კმ/სთ-მდე 2.5 წამში აჩქარების საშუალებას აძლევს. მაქსიმალურ სიჩქარეს კი 407 კმ/სთ-ზე აღწევს.
მოდელის საწყისი ფასი დაახლოებით €1.5 მილიონი იყო, თუმცა დღეს კარგად შენახული ეგზემპლარების ღირებულებამ შესაძლოა ამ შეფასებას გადააჭარბოს. ხოლო რონალდუს მოდელი, სხვადასხვა გამოცემების ცნობით, 2 მილიონი ევროც ღირს.

იხილეთ: „40 ან 41, არ მახსოვს“ | კრიშტიანუ რონალდუს ავტომობილების რაოდენობა კვლავ აერია
და ეს მხოლოდ ნაწილია... მხოლოდ წარმოდგენილი შვიდი ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ევროა. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით კი, ამ მოდელების რეალური საბაზრო ღირებულება კიდევ უფრო მაღალია. თუმცა, როგორც ვთქვით, ეს მხოლოდ ნაწილია, რადგან, როგორც თავად რონალდუმაც ერთხელ თქვა, მის ავტოფარეხში 40-ზე მეტი ავტომობილია. კოლექციაში კი Rolls-Royce-ის, Lamborghini-ს, Ferrari-სა და Porsche-ს არაერთი მოდელი დაგხვდებათ.