ელექტრომობილები, რობოტაქსი, ფორდი, ფორდ მუსტანგი
Aa
Aa

ლონდონში პირველი რობოტაქსი გამოჩნდა და ის, Ford Mustang Mach-E-ია

ლონდონის ქუჩებში თვითმართვადი რობოტაქსები გამოჩნდა. გაერთიანებულ სამეფოში პირველი ავტონომიური სამგზავრო სერვისი Uber-ისა და ადგილობრივი კომპანია Wayve-ს ერთობლივი ძალისხმევით გაეშვა, თუმცა ამ ეტაპზე ერთი მნიშვნელოვანი შეზღუდვით. ამ ავტომობილებში საწყის ეტაპზე უსაფრთხოების მიზნით ადამიანიც იქნება.

ასევე იხილეთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი UberX-ს, Uber Electric-ს ან Uber Comfort-ს კატეგორიას გამოიძახებს, ადგილზე შესაძლოა Wayve-ის ტექნოლოგიით აღჭურვილი Ford Mustang Mach-E მივიდეს. ასევე, მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ, უარი თქვან ავტონომიური მგზავრობის ვარიანტზე და სტანდარტულად, ადამიანი მძღოლი გამოიძახონ.

თუმცა, თუ პირი ავტონომიურ რობოტაქსის აირჩევს, ეს შემდეგი პირობები უნდა გაითვალისწინოს: ავტომობილის გამოძახება, კარის გაღება და მგზავრობის დაწყება — ყველაფერი Uber-ის აპლიკაციიდან ხდება. მანქანაში მგზავრებს ინტერაქციული ეკრანიც ხვდებათ, 64 ენის მხარდაჭერით, რომელიც მათ მგზავრობის მარშრუტს აჩვენებს. Wayve-ის ავტონომიურ ტაქსებს ლონდონის თითქმის ყველა ქუჩაზე აქვთ გადაადგილების უფლება, აეროპორტების ზონების გარდა.

ავტომობილების მართვა Wayve-ის AV2.0 სისტემის დახმარებით ხდება. ეს უკანასკნელი ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული და ტრადიციული ციფრული რუკებისა და წინასწარ გაწერილი ინსტრუქციების ნაცვლად, რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლობს. ლონდონის ქუჩებზე ამ ტექნოლოგიას Wayve 2018 წლიდან ტესტავს, რის გამოც უკვე დიდი გამოცდილება დაუგროვდა.

საინტერესოა, რომ Uber-ის აპლიკაციაში ავტონომიური მგზავრობის სურვილი უკვე 140 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. თუმცა, მათი შანსები ჯერ საკმაოდ მცირეა. ლონდონში ამჟამად Wayve-ის ტექნოლოგიით აღჭურვილი მხოლოდ 15 ერთეული Mustang Mach-E გადაადგილდება, მაშინ როდესაც ქალაქში Uber-ის დაახლოებით 100 000 ავტომობილია გაშვებული.

ლონდონი Wayve-სთვის მშობლიური ქალაქია, თუმცა უახლოეს პერიოდში საერთაშორისო მასშტაბებზეც გეგმავს გაფართოებას. საერთო ჯამში, Wayve-ისა და Uber-ის გეგმაში 12 საერთაშორისო ბაზარზე შესვლაა. ხოლო Uber-ის მოლოდინით, 2026 წლის ბოლოსთვის მის პლატფორმაზე ავტონომიური მგზავრობის სერვისი შესაძლოა 15-მდე ქალაქში გახდეს ხელმისაწვდომი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები