სუპერქარები, ლამბორგინი, ლამბორგინი ტემერარიო, პოლიციის მანქანა
Aa
Aa

მაშინ, როცა ყველა წამი მნიშვნელოვანია | Lambo-ს 907ცხ.ძ-იანი პოლიციის მანქანა

პოლიციის ავტომობილები ყოველთვის მოსაწყენი სედანები არაა და ამაში დუბაის საპატრულო ფლოტიც დაგარწმუნებთ. ამჯერად კი, თავის გამოჩენა სუპერქარების იტალიურმა მწარმოებელმა, Lamborghini-მ გადაწყვიტა და ადგილობრივი დანაყოფისთვის ახალი Temerario Polizia წარადგინა. მაღალი წარმადობის მქონე მოდელი ისეთი შემთხვევებისთვის იქნება გამოყენებული, როდესაც ყველა წამი მნიშვნელოვანია.

კერძოდ, Lambo-ს პოლიციის ავტომობილი გადაუდებელ შემთხვევებში ორგანოებისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სამედიცინო მასალების ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. Lambo-სა და იტალიის პოლიციის თანამშრომლობა 2004 წლით თარიღდება. პირველი მოდელი, რომელიც საპატრულო დანაყოფს გადაეცა, Gallardo იყო. მას შემდეგ კი, სპეციალური მანქანების დახმარებით, 200-ზე მეტი ორგანოს ტრანსპორტირება წარმატებით განხორციელდა. შედეგად, სუპერქარების მწარმოებელმა არაერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

Lambo-ს მოდელის სპეციალურ აღჭურვილობაზე კონკრეტული დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა ვხედავთ, რომ Temerario-ს ექსტერირისთვის ლურჯი და თეთრი ფერებია გამოყენებული, კარებზე კი „Polizia“-ს წარწერები დატანილი. ავტომობილის სახურავზე დამაგრებულია სპეციალური ციმციმა, ხოლო სამფეროვანი გრაფიკა იტალიის დროშის ფერებშია შესრულებული.

იტალიის პოლიციის მიერ გავრცელებულ მოკლე ვიდეოში ჩანს, რომ ავტომობილის ინტერიერი სტანდარტულ ვერსიას წააგავს. სალონში შავი და ყავისფერი ტყავია გამოყენებული, თუმცა, დიდი ალბათობით, ექსპლუატაციაში შესვლამდე მას საქმიანობისთვის საჭირო აღჭურვილობა, მათ შორის, საკომუნიკაციო სისტემები, დაემატება.

Lamborghini Temerario Polizia-ს plug-in ჰიბრიდული სისტემა აქვს, რომელიც 4-ლიტრიან ტვინტურბო V8 ძრავასა და სამ ელექტროძრავას იყენებს. ასევე, სუპერქარი აღჭურვილია 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფითა და 3.8-კვტ/სთ ტევადობის ბატარეით.

შედეგად, პოლიციის Lambo-ს ჯამური გამომუშავება 907 ცხენის ძალასა და 730 ნიუტონ მეტრს აღწევს. ამ მონაცემების წყალობით კი, სუპერქარი 100 კმ/სთ-ს სულ რაღაც 2.7 წამში ავითარებს, მაქსიმალურ სიჩქარეს კი 343 კმ/სთ-ზე აღწევს.

რაც შეეხება Lamborghini-სა და იტალიის სახელმწიფო პოლიციის თანამშრომლობას, წლების განმავლობაში პოლიციამ ჯამში ექვსი Lamborghini მიიღო. მათ შორის იყო Gallardo LP 560-4, Huracán-ი და Urus Performante.

მსგავსი სიახლეები