ახალი, შიგაწვისძრავიანი, 443-ცხენისძალიანი BMW M350 ტრასაზე გამოიცადა
BMW ახალი თაობის 3-Series (შიგაწვის ძრავებით) სერიული წარმოებისთვის მზადების ფინალურ ეტაპზე გადავიდა. სრულად ელექტრონული BMW i3-ის გვერდით (რომლის დიზაინის პრემიერაც 2026 წლის გაზაფხულზე შედგა), ბავარიული ბრენდი ტრადიციული შიგაწვის ძრავების მოყვარულებსაც ანებივრებს — ახალი მესამე სერია მიიღებს როგორც 4-ცილინდრიან, ისე ლეგენდარულ 6-ცილინდრიან აგრეგატებს, რომლებიც 48-ვოლტიანი Mild-Hybrid ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი (ეს უკანასკნელი 443 ცხენისძალისა და 580 ნიუტონის გამომუშავებას შეძლებს).
პროტოტიპებმა საზაფხულო დინამიკური ტესტირების ბოლო ეტაპი საფრანგეთის სამხრეთში, მირამასის პოლიგონზე გაიარეს.
ახალი 3-Series ითვისებს BMW-ს ახალ, Neue Klasse დიზაინის ენას. ექსტერიერში ყურადღებას იპყრობს საფირმო „ოთხთვალა“ წინა ფარების ახლებური ინტერპრეტაცია, გრძელი თვლების ბაზა და კუთხოვანი ფორმები. ელექტრო i3 და შიგწვისძრავიანი 3-Series დიზაინით ერთმანეთისგან მხოლოდ მცირე დეტალებით განსხვავდება.
სრული რევოლუციაა ინტერიერიც — ავტომობილი აღჭურვილია სრულიად ახალი BMW Panoramic iDrive სისტემითა და BMW Operating System X ოპერაციული სისტემით. მოდელის სათავეში დგება BMW M350 xDrive, რომელიც M340i-ს ჩაანაცვლებს. ეს იქნება ერთადერთი ვერსია ახალ 3-Series-ში, რომელსაც 6-ცილინდრიანი ძრავი ექნება.
ასევე იხილეთ: BMW-ს ისტორიაში საუკეთესო ძრავები (ნაწილი 2)
M350 xDrive-ში BMW-მ სრულიად ახალი ფუნქცია — Drift Moment დაანონსა. ცენტრალური ეკრანიდან ამ რეჟიმის გააქტიურებისას, ძრავის მთელი სიმძლავრე და მაბრუნი მომენტი 100%-ით უკანა ღერძზე გადადის, ხოლო სტაბილიზაციის სისტემა ითიშება. ეს ფუნქცია მძღოლს საშუალებას აძლევს, ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ავტომობილით დრიფტით ისიამოვნოს. ახალი BMW 3-Series-ის სერიული წარმოება 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.