საინტერესო, მაშუქები, საინტერესო ინფო
Aa
Aa

რატომ ბრუნდება მრგვალი მაშუქები ახალ ავტომობილებზე?

იყო დრო, როდესაც ბევრი მოდელისთვის მრგვალი ფორმის მაშუქები მათი დიზაინისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილი იყო. შემდგომ ისეთი დროც დადგა, როდესაც მრგვალი ფარები გაქრობისთვისაც კი იყო განწირული. ისინი ჯერ მართკუთხა, შემდეგ კი უფრო მეტად თანამედროვე დიზაინის მაშუქებმა ჩაანაცვლა და წლების გასვლასთან ერთად, მისი არაერთი ვერსიაც ვიხილეთ. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით კი, მრგვალი მაშუქები, რომლებიც თითქოსდა წარსულს ჩაბარდა, კვლავ „გაცოცხლდა“ და ახალ მოდელებზეც ბრუნდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ: რატომ გვიყვარს ძველი მანქანები - გამძლე და საიმედო?

დღეს აღარაა აუცილებელი, მრგვალ მაშუქებში ტრადიციული ნათურა ან რეფლექტორი განთავსდეს. LED-ტექნოლოგიის დამსახურებით, დიზაინერებს უბრალოდ მრგვალი ფორმის განათების შექმნა შეუძლიათ. შედეგად, ავტომობილი ძველი სტილის, მრგვალ მაშუქებს შეინარჩუნებს, თუმცა რეალურად, თანამედროვე LED-ტექნოლოგიას გამოიყენებს. ეს ავტოდიზაინის საინტერესო პარადოქსია: ტექნოლოგიური პროგრესი ძველ ფორმებს ახალი დანიშნულებით აბრუნებს.

მაგრამ, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც მრგვალი ფორმის მაშუქები აუცილებლობა იყო?

სინამდვილეში, ათწლეულების განმავლობაში, მსგავსი ფორმის მაშუქები არა დიზაინერული გადაწყვეტა, არამედ ტექნიკური საჭიროება იყო. მრგვალი რეფლექტორების დამზადება მარტივიც იყო და თან ეფექტიან განათებასაც უზრუნველყოფდა. დროთა განმავლობაში, მრგვალი ფარი კონკრეტული ავტომობილების იდენტობის ნაწილადაც იქცა. განსაკუთრებით მინი-ს შემთხვევაში, წესით, მრგვალ მაშუქებზე თქვენც პირველი Fiat 500 და Mini გაგახსენდებოდათ. თუმცა წლები გავიდა და ტექნიკურ განვითარებასთან ერთად, მაშუქების დიზაინიც დაიხვეწა.

1960-იან წლებში მართკუთხა მაშუქები თანამედროვეობის გამოძახილად იქცა. ავტომობილების წინა ნაწილი უფრო დაბლდებოდა, აეროდინამიკა კი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა. ამასთან, დიზაინერებს მუშაობისას უფრო მეტი თავისუფლებაც ჰქონდათ. შედეგად, მრგვალი ფორმები მოძველებულ დიზაინად მიიჩნეოდა, თანამედროვე ავტომობილები კი პოპულარობის ზენიტში იყვნენ. სხვადასხვა ეპოქიდან შეგვიძლია Fiat Ritmo-სა და Fiat Tipo-ს დიზაინის, ასევე Fiat 127-ისა და Fiat 128-ის მაგალითები მოვიყვანოთ.

მიზანი მარტივი იყო: ავტომობილს ტექნოლოგიურად განვითარებული და თანამედროვე იერი უნდა ჰქონოდა.

შემდგომ LED-ები გამოჩნდა და ყველაფერი თითქოსდა ისევ თავდაყირა დადგა. დიზაინერებს კონკრეტული სტილის გამოყენებაზე შეზღუდვა აღარ ჰქონდათ და, უფრო მეტიც, განათების გრაფიკულ ელემენტად გამოყენებაც კი შეეძლოთ. ასე დაბრუნდა სცენაზე მრგვალი მაშუქებიც, უკვე არა საჭიროებად, არამედ შესაძლო ალტერნატივად.

ახალი Renault 4 E-Tech, Fiat 500 და Mini ამ პრინციპს მიჰყვებიან, თუმცა განსხვავებული ინტერპრეტაციით. მათ ძველი, მრგვალი მაშუქები პირდაპირ არ გადმოაქვთ — უბრალოდ, მათი განათებული კონტურის ხაზს იმეორებენ და ამ გზით მოდელის ისტორიასთან მყისიერ კავშირს ქმნიან.

აქვე საინტერესოა, რომ „თანამედროვეობის გამოძახილი მართკუთხა მაშუქები“ დღეს უფრო მიიჩნევა „წარსულის გადმონაშთად“, ვიდრე თავად მრგვალი ფორმები. ეს უკანასკნელი კი, ზოგისთვის, ნოსტალგიურ დატვირთვასაც ატარებს და არცაა გამორიცხული, რომ მსგავს დიზაინს არანაკლებ დიდი აუდიტორიაც გამოუჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები