Geely-მ და Renault-მა ახალი ძრავა წარადგინეს, რომელიც წყალქვეშაც სტანდარტულად იმუშავებს
Renault-სა და Geely-ს ერთობლივმა საწარმომ, კომპანია Horse Powertrain-მა, ინოვაციური 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავი HORSE B20 წარადგინა, რომელსაც წყალქვეშ მუშაობა შეუძლია. აგრეგატი სპეციალურად ექსტრემალური უგზოობის მოდელებისა და ჰიბრიდული პლატფორმებისთვის შეიქმნა. მას მინიჭებული აქვს IPX8 წყალგაუმტარობის ოფიციალური სტანდარტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძრავს 1.1 მეტრის სიღრმის წყალში ფუნქციონირება უპრობლემოდ და უწყვეტად შეუძლია.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
აგრეგატის სრული ჰერმეტიზაციისთვის Horse-ის ინჟინრებმა რამდენიმე უნიკალური ტექნოლოგიური გადაწყვეტა გამოიყენეს. ძრავსა და გადაცემათა კოლოფს შორის სპეციალური მჭიდრო საჰერმეტიზაციო ნარევია დატანილი, ხოლო ყველა ელექტროკომპონენტი და სენსორი სრულად იზოლირებულია. წყალში ჩაძირვისას მართვის ბლოკი ავტომატურად არეგულირებს სიმძლავრესა და დროსელის რეაგირებას, რათა ძრავმა სტაბილური მუშაობა განაგრძოს და წყლის სიღრმეში არ ჩაქრეს. გარდა ამისა, ექსტრემალური დატვირთვისას ოპტიმალურ ტემპერატურას სრულიად აქტიური ორმაგი გაგრილების სისტემა ინარჩუნებს.

ახალი 2.0-ლიტრიანი, 4-ცილინდრიანი ტურბოძრავი მილერის ციკლით მუშაობს, იწონის სულ რაღაც 130 კილოგრამს და ვერსიების მიხედვით 190-დან 252 ცხენის ძალამდე გამომუშავებს (მაბრუნი მომენტი 300-380 ნიუტონს აღწევს). აღსანიშნავია მისი თერმული ეფექტურობაც, რომელიც 48.4%-ს შეადგენს — ეს მაჩვენებელი შიგაწვის ძრავების სეგმენტში რეკორდულად მაღალია.

ახალი HORSE B20 პირველად ჩინურ უგზოობის მოდელში, Geely Galaxy Cruiser 700-ში დამონტაჟდა, სადაც ის 3-სიჩქარიან ჰიბრიდულ ტრანსმისიასთან არის შეწყვილებული. მოსალოდნელია, რომ მომავალში ამ წყალგაუმტარ აგრეგატს Geely-ს, Volvo-სა და Renault-ის სხვა უგზოობის SUV-ებსა და პიკაპებშიც ვნახავთ.