ჩერი, რეინჯ როვერი, ჩინური ავტომობილები, რეინჯ როვერ ჯითი
Aa
Aa

„ეს მხოლოდ კომპლიმენტია“ | Range Rover-ის ხელმძღვანელი ჩინელების Temu-ასლებზე

ჩინურ ელექტრომობილებს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების დაპყრობა ბოლო პერიოდში ნამდვილად არ უჭირთ. რეგულაციებისა და მაღალი ტარიფების მიუხედავადაც, ჩინეთის მსხვილი კომპანიები საზღვარგარეთულ ბაზრებზე იმპორტს ზრდიან და უფრო მეტად გაძლიერებისკენაც მიისწრაფვიან. სტანდარტულ ელექტრომობილებთან ერთად, ისინი უკვე სუპერქარებსაც გვთავაზობენ, თუმცა, რაც არ უნდა ტექნოლოგიურად დახვეწონ მოდელები, მათ ერთი რამ ხშირ შემთხვევაში მაინც აკლიათ — ეს კი ინდივიდუალიზმია, რომელიც ავტოენთუზიასტებს ასე ძალიან უყვართ.

მართლაც, ჩინური ავტოკომპანიების საწარმოო ხაზს თუ გადავხედავთ, ძალიან ბევრი მოდელი მათ უკვე არსებულ ევროპულ კონკურენტებს მოგვაგონებს. რა თქმა უნდა, ეს არც წამყვანი ავტომწარმოებლების ხელმძღვანელებს გამორჩენიათ და Range Rover-ის აღმასრულებელმაც ამ აქტუალურ საკითხზე ღიად ისაუბრა.

ბოლო პერიოდში ჩვენი ყურადღება ჩინური Jaecoo-ს (Chery-ის საკუთრება) მოდელებმა მიიპყრო, განსაკუთრებით კი J5-მა და J7-მ, რომელსაც Range Rover-ის არსებულ მოდელებს ადარებენ და ხუმრობით Temu Range Rover-საც ეძახიან. Range Rover-ის მმართველმა დირექტორმა, მარტინ ლიმპერტმა, ავსტრალიურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ სხვა მწარმოებლების მხრიდან Range-ის დიზაინის განმეორებას ისინი უფრო კომპლიმენტად აღიქვამენ, ვიდრე საშიშროებად.

„თუ სხვა ბრენდები ჩვენს დიზაინს აკოპირებენ, ეს ნიშნავს, რომ მდიდრული ავტომობილების სამყაროში ჩვენი დიზაინი შთაგონების წყაროა. ჩვენთვის მთავარია, რომ ორიგინალად დავრჩეთ და სწორედ ამიტომ განვაგრძობთ განვითარებას“, — განაცხადა ლიმპერტმა.

მისივე განცხადებით, მომხმარებლები Range Rover-ს ირჩევენ, რადგან მათ „საუკეთესოთა შორის საუკეთესო“ სურთ და მზად არიან, ამისთვის დამატებით თანხაც გადაიხადონ. ლიმპერტის თქმით, Range Rover-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ბრიტანული წარმომავლობა, ორიგინალური დიზაინი და საინჟინრო გამოცდილებაა. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, სწორედ ამ გამოცდილებამ ბრენდს მსოფლიოს ლიდერებთან ასოცირებული ავტომობილის სტატუსი მოუტანა.

რაც შეეხება ჩინურ ავტომობილებს, ბოლო წლებში, მათი ტექნოლოგიური და ხარისხობრივი განვითარება საგრძნობლად დაჩქარდა. შესაბამისად, თუ ჩინეთში წარმოებულ მანქანებს ადრე საფრთხედ არ აღიქვამდნენ, ახლა ისინი დასავლური სამყაროსთვის კონკურენტუნარიან პროდუქტად ჩამოყალიბდნენ.

თუმცა, პრემიუმ და ლუქს-კლასში მომხმარებლები კონკრეტული ბრენდების მიმართ ლოიალობას ინარჩუნებენ და ამას ბევრი ავტომწარმოებელი ძალიან კარგად ხვდება. Range Rover-ის გლობალური მარკეტინგის ხელმძღვანელის, რაიან მილერის, განცხადებით, ისინი თავიანთი ავტომობილების კონკურენტებისგან გამიჯვნას მომავალშიც განაგრძობენ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ახალი, დაბალი ძარის მქონე Range Rover GT, რომელზეც ბრიტანული გუნდი დიდ იმედებს ამყარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები