აუქციონი, ფერარი, უნიკალური ავტომობილი, ფერარი ენცო
Aa
Aa

ეს უნიკალური Ferrari Enzo სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა

Ferrari-ს ყველაზე გამორჩეული და იშვიათი ჰიპერქარების მიმართ კოლექციონერების ინტერესი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაძლიერდა. განსაკუთრებით სწრაფად კი Ferrari Enzo-ს ღირებულება გაიზარდა, რომლის ერთ-ერთი უნიკალური ეგზემპლარი ახლა გასაყიდადაა გამოტანილი.

ასევე იხილეთ: 8 ყველაზე ძვირად გაყიდული ავტომობილი ისტორიაში

ეს მოდელი განსაკუთრებული არა მხოლოდ მისი დაბალი გარბენითა და ისტორიით, არამედ ფერითაცაა. Ferrari Enzo-სთვის ყველაზე გავრცელებული ფერი Rosso Corsa იყო, რომელსაც Giallo Modena და Nero მოჰყვებოდა. თუმცა ეს კონკრეტული ეგზემპლარი ერთადერთია, რომელმაც ქარხანა Matte Nero Opaco-ს, ანუ მქრქალი შავი ფერის, სპეციალური საფარით დატოვა.

ასევე საინტერესოა, რომ ეს მოდელი თავდაპირველად ბრუნეის სამეფო ოჯახის წევრმა შეუკვეთა, რის შემდეგაც კი ლონდონში, სამეფო ოჯახის რეზიდენციაში მიიტანეს. ავტომობილის მფლობელთა სრული სია უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მოგვიანებით ის ახალ ზელანდიაშიც აღმოჩნდა.

2022 წელს კი ის უკვე RM Sotheby’s-ის საშუალებით გასაყიდად გამოიტანეს და აქედან უკვე კანადაში გადაიყვანეს. თუმცა აუქციონის სახლს გაყიდვის ზუსტი ღირებულება არ გაუსაჯაროებია.

იმავე წელს Enzo ევროპაში, Carrozzeria Zanasi-ს სახელოსნოში, სრული აღდგენისთვის გაგზავნეს. რესტავრაციისთვის 110 000 ევროზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოები მოიცავდა წინა და უკანა მაშუქების განახლებას, საბარგულის უკანა მინის შეცვლას, ავტომობილის ქარხნულ ფერში გადაღებვას და ა.შ.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნებასაც. 2024 წლის აგვისტოში მას ახალი გადაბმულობის სისტემა დაუყენეს, ასევე საწვავის ტუმბოები და მარცხენა სარქვლის საფარის შუასადებიც შეცვალეს.

დღეის მდგომარეობით, Ferrari Enzo-ს ამ ეგზემპლარს 9 274 კილომეტრი აქვს დაფარული. ავტომობილი კვლავ RM Sotheby’s-ის საშუალებით იყიდება. თუმცა ამჯერად ის საჯარო აუქციონზე არ გავა, რაც ნიშნავს, რომ მისი საბოლოო ფასიც, დიდი ალბათობით, ცნობილი არ გახდება. თუმცა მსგავსი Enzo-ების შემთხვევაში ყოფილა აუქციონები, სადაც მის ფასს $10 მილიონისთვისაც გადაუჭარბებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები