როგორ ინარჩუნებს Honda ხარისხს, როცა ყველაფერი უხარისხო ხდება?
თანამედროვე ავტომობილები დღითიდღე უფრო რთული, პროგრამულად გადატვირთული და ძვირი ხდება. თუმცა, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად იზრდება ხარისხის კონტროლის ჩავარდნების რისკიც. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია Toyota-ს ბოლო დროინდელი პრობლემები ახალ Twin-Turbo V6 ძრავებთან დაკავშირებით.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა ღარიბმა ბიჭმა Honda
როგორ ახერხებს Honda თავისი ლეგენდარული საიმედოობის შენარჩუნებას? The Drive-ის ჟურნალისტები Honda Motor-ის ვიცე-პრეზიდენტ ნორია კაიჰარასა და American Honda-ს გენერალურ დირექტორს გაესაუბრნენ.
American Honda-ს გენერალურ დირექტორის თქმით, დღეს ავტოინდუსტრიასა და პროგრამულ უზრუნველყოფაში ბიზნესს ტემპს ჩინური ბაზარი კარნახობს. Honda-ს ინჟინრები ჩინეთში აქტიურად სწავლობენ ახალ ტექნოლოგიებს, თუმცა კომპანია უარს ამბობს ბაზარზე გამოსვლის სიჩქარის გამო ხარისხის გაწირვაზე.

„ჩვენ გვესმის, რომ ჩინეთსა და ინდოეთს პროგრამულად უნდა შევეჯიბროთ, მაგრამ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: 'ვინ არის Honda?' ჩვენ გვაქვს მომხმარებლის უდიდესი ნდობა და ამ ნდობის გაწირვა სწრაფი წარმოების გამო არ შეგვიძლია."
ნორია კაიჰარამ, რომელიც წარსულში Honda-ს გლობალური ხარისხის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, განმარტა Honda-ს ოქროს წესი: ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი სრულიად დამოუკიდებელია განვითარებისა და წარმოების გუნდებისგან. არცერთი დეტალი თუ სისტემა არ გადადის შემდეგ ეტაპზე, სანამ წინა ეტაპის ხარისხი ასი პროცენტით არ დადასტურდება. ხარისხის გუნდი პროდუქტს უყურებს მომხმარებლისა და ექსტრემალური პირობების თვალით — "რა მოხდება, თუ ეს დეტალი ძალიან ცხელ ან ცივ კლიმატში აღმოჩნდება?" მათ აქვთ უფლება, შეაჩერონ პროექტი, თუ საფრთხეს დაინახავენ.

როდესაც Toyota-ს ძრავების კრიზისზე ჰკითხეს, კაიჰარამ აღნიშნა, რომ პრობლემებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა გადამწყვეტი რეაგირების სიჩქარეა:
„ხარისხის პრობლემის პრევენცია მთავარია, მაგრამ თუ ის მაინც მოხდა, კრიტიკულია, რამდენად სწრაფად იმოქმედებ. მომხმარებლის დატოვება წუნდებულ ავტომობილთან და პრობლემის მოგვარების დაგვიანება უდიდეს დარტყმას აყენებს ბრენდს. თუ პრობლემა ბაზარზე გამოვლინდა — იმოქმედე მყისიერად!"
საბოლოოდ, Honda-ს ხელმძღვანელობის თქმით, რთულ ელექტრონულ ეპოქაშიც კი, სოიჩირო ჰონდას ძირითადი ფილოსოფია უცვლელი რჩება: ხარისხზე ორიენტირებული მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს კომპანიის თითოეულ თანამშრომელს, რადგან მომხმარებლის ნდობის დაკარგვა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ნებისმიერი ტექნოლოგიური ჩამორჩენა.