ბუგატი, მატე რიმაცი, ფოლცვაგენ გრუპი, ბუგატი რიმაცი
Aa
Aa

Bugatti-სა და Volkswagen Group-ის გზები სამუდამოდ გაიყარა | რა მოხდება მომავალში?

თითქმის 30-წლიანი ისტორია დასრულებულია. Porsche-მ Bugatti Rimac-სა და Rimac Group-ში არსებული წილები გაყიდა და შედეგად, Volkswagen Group-ის Bugatti-სთან არსებული პირდაპირი კავშირი, რომელიც თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში არსებობდა, წარსულს ჩაბარდა.

Bugatti Rimac-სა და Rimac Group-ში აქციების გაყიდვის პროცესი ოფიციალურად 9 სექტემბერს დასრულდა, მას შემდეგ, რაც მხარეებმა მარეგულირებლებისგან საჭირო ნებართვა მიიღეს. გარიგების შედეგად, Porsche დაახლოებით 1 მილიარდ ევროს მიიღებს, თუმცა ამ თანხიდან 250 მილიონი ევრო საპენსიო ვალდებულებების გადასაფარად არის განაწილებული.

ფორმალურად, გარიგება Porsche-ს პორტფელის გამარტივებასა და კომპანიის მთავარ მიმართულებებზე კონცენტრირებას ისახავს მიზნად. თუმცა რეალურად მას უფრო დიდი მნიშვნელობაც აქვს და, როგორც გითხარით, ის Volkswagen Group-ის მიერ Bugatti-ში თითქმის 30-წლიანი პირდაპირი ჩართულობის დასასრულს ნიშნავს.

ისტორია კი 1998 წელს დაიწყო. ამ წელს Volkswagen Group-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ფერდინანდ პიეხმა Bugatti-ს სახელის გამოყენებაზე უფლება მიიღო. იმავე პერიოდში Volkswagen-მა Lamborghini და Bentley-ც შეიძინა, რაც პრემიუმ და ძვირად ღირებული ავტომობილების ბაზარზე გაფართოების ნაწილი იყო.

თუმცა Bugatti-სთან მიმართებით პიეხს ბევრად ამბიციური მიზნები ჰქონდა. მას სურდა ავტომობილი, რომელიც ტექნოლოგიური შესაძლებლობების საზღვრებს გაარღვევდა. საბოლოოდ კი, ამ ჩანაფიქრმა Bugatti Veyron-მდე მიგვიყვანა, 1 000 ცხენის ძალის მქონე ჰიპერქარამდე, რომელიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2000-იანების ერთ-ერთი რევოლუციური მოდელიც იყო.

Bugatti-ზე პიეხის გავლენა იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ 2019 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, თავად კომპანიამაც აღნიშნა, რომ მის გარეშე ბრენდი იმ ფორმით, როგორიც მაშინ იყო, ვეღარ იარსებებდა.

Bugatti-ს განვითარების შემდეგ ეტაპზე უკვე Porsche ჩაერთო. 2021 წელს Porsche-მ და Rimac-მა ერთობლივი კომპანია Bugatti Rimac-ი ჩამოაყალიბეს. Rimac Group-მა ახალ კომპანიაში 55%-იანი წილი მიიღო, Porsche-მ კი 45% შეინარჩუნა. დამატებით, Porsche Rimac Group-ის 20.6%-იან წილს ფლობდა. ამ შემთხვევაში უკვე მიზანი Bugatti-ს შიგაწვის ძრავების გამოცდილებისა და Rimac-ის ელექტრომობილების ტექნოლოგიების გაერთიანება იყო.

თანამშრომლობის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო და თანამედროვე მოდელიც მივიღეთ. Chiron-ის ეპოქას Mistral-ი მოჰყვა, მოგვიანებით კი კომპანიამ Tourbillon-ი წარადგინა. ეს უკანასკნელი კი იმითაა განსაკუთრებული, რომ Bugatti-მ სრულად ელექტრომობილებზე გადასვლის ნაცვლად, მისთვის შიგაწვის ძრავის შენარჩუნება გადაწყვიტა და ატმოსფერული V16 ძრავა ჰიბრიდულ სისტემასთან დააწყვილა.

ახლა უკვე Porsche თავის გზას დამოუკიდებლად გააგრძელებს:

ახლა Porsche Bugatti-სა და Rimac-ისგან სრულად გამოეყო. აქციები კი HOF Capital-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კონსორციუმმა შეიძინა. Rimac Group-ი Bugatti Rimac-ის უმსხვილეს აქციონერად რჩება, ხოლო მატე რიმაცი Bugatti Automobiles-ის პრეზიდენტის თანამდებობასაც დაიკავებს. ამასთან, ის Bugatti Rimac-ის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციასაც შეინარჩუნებს.

როგორც აღვნიშნეთ, Porsche-ს გადაწყვეტილება მის ძირითად ბიზნესზე კონცენტრირებას უკავშირდება. გერმანული ავტომწარმოებელი ამ ეტაპზე ახალ პროდუქტებში ინვესტირების გაძლიერებას გეგმავს, მათ შორის პირველი თაობის Macan-ის შემცვლელშიც. კომპანია ასევე მუშაობს Boxster-ისა და Cayman-ის ელექტრიფიცირებულ ვერსიებზე, თუმცა პარალელურად შიგაწვის ძრავის მქონე მოდელების დაბრუნებასაც განიხილავს.

Porsche-ს სამომავლო გეგმებში ასევე შედის სამრიგიანი SUV-ის გამოშვება, ახალი GT ტიპის მოდელის შექმნის კვლევა და ჰიპერქარის წარმოებაც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები