ფილარმონიიდან რუსთაველის მეტრომდე გზის ნაწილი იხსნება - როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი?
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე საგზაო მონაკვეთის გახსნის შემდეგ, მოძრაობის დროებითი სქემა 11 სექტემბრის 00:00 საათიდან იცვლება.
ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მხრიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით როგორც მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის) დაღმართის, ისე ძმები კაკაბაძეების ქუჩისკენ.
როგორ იმოძრავებენ კერძო ავტომანქანები:
- ჯავახიშვილის ქუჩიდან: ავტომანქანები მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც ძმები კაკაბაძეების ქუჩის მიმართულებით, ისე ფილარმონიისკენ და მარცხნივ მოხვევით ჭოველიძის ქუჩაზე.
- ძმები კაკაბაძეების ქუჩიდან: გადაადგილება შესაძლებელი იქნება პირდაპირ ჯავახიშვილის ქუჩაზე, ასევე, მარცხნივ ფილარმონიის მიმართულებით.
- იცვლება აღნიშნულ მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროებითი მარშრუტიც.
ავტობუსები (N301, 305, 306, 308, 309, 310, 314, 326, 331, 337, 342, 345, 352, 358, 359, 388, 391, 397) და მიკროავტობუსები (N457, 472, 532, 540, 541) მელიქიშვილის გამზირიდან მოძრაობას გააგრძელებენ მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმართულებით და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით მოხვდებიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე.
აქედან ტრანსპორტი დაუკავშირდება ბარათაშვილის ქუჩას და იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობისას, კოსტავას ქუჩასთან დასაკავშირებლად, ანალოგიურად გამოიყენებენ მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას.
მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე მუნიციპალური ტრანსპორტის ორი გაჩერება იმოქმედებს — N8-თან და მის მოპირდაპირედ, ასევე, N14-თან და მის მოპირდაპირე მხარეს.