რომელ ქვეყნებშია მართვის მოწმობის თეორიული გამოცდა ყველაზე რთული?
იცოდით, რომ საბერძნეთში, თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად, 30 კითხვიდან მხოლოდ ერთი არასწორი პასუხის უფლება გაქვთ? ამას დამატებული პრაქტიკული გამოცდები და, წესით, ჩვენი სისტემა მასთან შედარებით მარტივადაც მოგეჩვენებათ. თუმცა, საბერძნეთი, რა თქმა უნდა, მარტო არაა და მასთან ერთად, ძალიან ბევრი სახელმწიფო მართვის მოწმობის გამოცდებს სიმკაცრის მაღალი სტანდარტებით უდგება. ამ შემთხვევაში კი, გამოცემა Visual Capitalist-ი დაინტერესდა, გაერკვია, თუ რომელ ქვეყნებშია მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება ყველაზე რთული.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად Visual Capitalist-მა ქვეყნები იმ მინიმალური ქულების მიხედვით დაალაგა, რამდენიც მართვის მოწმობის B-კატეგორიის გამოცდის ჩასაბარებლადაა საჭირო. შესაბამისად, აღნიშნული რეიტინგი ქვეყნებს მხოლოდ თეორიული გამოცდის სირთულის მიხედვით განალაგებს და პრაქტიკულ გამოცდას არ მოისაზრებს.

რეიტინგი AutoviaTest-ის მონაცემებს ეფუძნება. ჩამონათვალში მხოლოდ ის ქვეყნებია გათვალისწინებული, რომელთა შეფასების სისტემა ერთმანეთთან შედარებადია.
როგორც გითხარით, პირველ ადგილზე საბერძნეთია, სადაც თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად კითხვების 97%-ზე სწორი პასუხია საჭირო. მეორე ადგილზე იაპონიაა — 95%-ით. შემდგომ ადგილებზე კი შედეგები ბევრად მჭიდროა, რაც ლოგიკურიცაა — ამის გათვალისწინებით, რეიტინგს მომდევნო 15 ქვეყანა 90%-დან 91%-მდე მაჩვენებლით არის თავმოყრილი.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ჯამში, რეიტინგის ზედა ნაწილში ევროპული ქვეყნები დომინირებენ. 25 ყველაზე მაღალი მოთხოვნის მქონე ქვეყნების 64% სწორედ ევროპაშია თავმოყრილი.

საბერძნეთში თეორიული გამოცდა 30 კითხვისგან შედგება და მის ჩასაბარებლად კანდიდატმა მინიმუმ 29 კითხვას სწორად უნდა გასცეს პასუხი. გამოცდისთვის 35 წუთია გამოყოფილი. კითხვები მოიცავს საგზაო ნიშნებს, გზაზე უპირატესობის წესებს, სიჩქარის შეზღუდვებს, ავტომობილის უსაფრთხოებასა და სხვა საგზაო რეგულაციებს.
თუმცა, მაღალი მოთხოვნების მიუხედავადაც, საბერძნეთში საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება. AutoviaTest-ის მონაცემებით, 2023 წელს ქვეყანაში ყოველ 100 000 მოსახლეზე დაახლოებით 6.1 ფატალური საგზაო შემთხვევა ირიცხებოდა, რაც ევროპის კავშირის საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.
რაც შეეხება იაპონიას, აქ წესები სულ უფრო მკაცრდება. თეორიულ გამოცდაზე ჩასაბარებლად 95%-იანი შედეგია საჭირო, რასაც მკაცრი პრაქტიკული გამოცდა ემატება. გარდა ამისა, იაპონია მართვის მოწმობის გამოცდის წესებს 75 წელს გადაცილებული მძღოლებისთვისაც ამკაცრებს. იაპონიის ეროვნული პოლიციის სააგენტოს მონაცემებით, გასულ წელს 75 წელს გადაცილებული მძღოლები ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების დაახლოებით 18%-ში იყვნენ ჩართული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მართვის მოწმობის თეორიული გამოცდის ჩასაბარებლად, 30-კითხვიანი ტესტიდან ხუთი შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ. გამოდის, რომ საქართველოში ჩაბარებისთვის საჭიროა მინიმუმ 83.33% სწორი პასუხი.
საბერძნეთი — 97%
იაპონია — 95%
ვიეტნამი, ახალი ზელანდია, ავსტრალია — 91%
ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, უკრაინა, ისლანდია, ლუქსემბურგი, ქუვეითი, კატარი, სინგაპური, ლატვია, კოლუმბია, ლიხტენშტაინი — 90%
ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესტონეთი, ირლანდია, ანდორა, მონაკო — 88%
ისრაელი — 87%
გაერთიანებული სამეფო — 86%