Mercedes-მა BMW M4-ს ახალი მონსტრი დაუპირისპირა | 637-ცხ.ძ-იან CLE-ს უკვე ვეღარ შეიძენთ
Mercedes-AMG-მ CLE-ის გამორჩეული, შეზღუდული გამოშვების ვერსია — CLE 646 Spezialanfertigung-ი წარადგინა. მოდელი, რომელიც ამ გერმანული ავტომწარმოებლისთვის Mythos-ის მეორე მოდელია, დაახლოებით 14 წლის წინ გამოშვებულ C63 AMG Black Series-ის მოგვაგონებს. ამ უკანასკნელმა კი, AMG-ის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ეპოქის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ დაიბადა პირველი AMG?
CLE-ის ახალი მონსტრის გამოშვების გეგმები AMG-მ დიდი ხნის წინ გვამცნო და, წესით, ის მოლოდინებიც გაამართლა, რომელიც თავის ერთგულ მომხმარებელს შეუქმნა. ყოველ შემთხვევაში, ტექნიკური მონაცემებით, ამ ავტომობილს მართლაც რომ არაფერი დაეწუნება. თუმცა, როგორც გითხარით, CLE 646 უკიდურესად შეზღუდული გამოშვების მოდელია — უფრო კონკრეტულად კი, გერმანელებმა ის მხოლოდ 30 ერთეულად გამოუშვეს და, წესით, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ყველა მათგანი უკვე გაყიდულია.

637 ცხენის ძალის მქონე V8
CLE-ის მთავარი მახასიათებელი კი მისი V8 ძრავაა. Mercedes-AMG-მ მასში კომპანიის უახლესი M177 EVO-ის 4-ლიტრიანი, ტვინტურბო V8-ის მოდიფიცირებული ვერსია განათავსა. Spezialanfertigung-ის შემთხვევაში აგრეგატი 637 ცხენის ძალას და დაახლოებით 850 ნმ-ს ავითარებს. მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 2 500-დან 4 500 ბრ/წთ-მდეა.
CLE 646-ში AMG-ისთვის დამახასიათებელი ჟღერადობის მისაღებად, ავტომობილი სტანდარტულად Akrapovic-ის გამონაბოლქვის სისტემითაა აღჭურვილი, რომელშიც კომპანიამ ტიტანის კომპონენტები გამოიყენა. ამის მიუხედავადაც, მანქანა ერთ სიბრტყეში განთავსებულ მუხლა ლილვს იყენებს.

გაუმჯობესებულია გაგრილების სისტემაც: მაღალი ტემპერატურისთვის ძრავას ახლა უკვე ინდივიდუალური გაგრილების კონტური აქვს, ხოლო ტურბოებით შეკუმშული ჰაერისა და გადაცემათა კოლოფის ზეთისთვის ცალკე დაბალი ტემპერატურის გაგრილების კონტურებია განკუთვნილი. გაგრილებას ასევე ექვემდებარება 48-ვოლტიანი სისტემის კომპონენტები.
მხოლოდ უკანა წამყვანი თვლები
ძრავაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ნაწილდება ძრავიდან წამოსული სიმძლავრე ბორბლებზე. რეალურად, AMG-ის სხვა მოდელებისთვის დამახასიათებელი სრულამძრავიანი სისტემა CLE 646 Spezialanfertigung-ში საერთოდ არ გვხვდება — ავტომობილი მხოლოდ უკანა წამყვანია.

მოდელს ელექტრულად კონტროლირებადი თვითბლოკირებადი დიფერენციალი აქვს, რომელიც ავტომობილის მოცურებას და გვერდულად გადაადგილებას ამარტივებს. V8 ძრავასთან კი 9-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაწყვილებული.
ამ მონაცემებით, AMG-ის უახლესი მონსტრი 100 კმ/სთ-ს 3.9 წამში, ხოლო 200 კმ/სთ-ს კი 11.4 წამში ავითარებს. შედარებისთვის, გასული C63S, რომელიც 2-ლიტრიან ოთხცილინდრიან ტურბოძრავას plug-in ჰიბრიდულ სისტემასთან აერთიანებს, 100 კმ/სთ-ს 3.4 წამში აღწევს. თუმცა, ამ უკანასკნელთან მიმართებით, Spezialanfertigung-ის ის ხასიათი აქვს, რომელიც მის მართვას, დიდი ალბათობით, ბევრად ემოციურსაც გახდის.

რადიკალურად შეცვლილი დიზაინი
CLE 646-ის დიზაინი სტანდარტული CLE-ისგან მკვეთრად განსხვავდება. Mercedes-ის დიზაინერებმა ავტომობილის წინა ნაწილი ახალი ბამპერით, კარბონის სპლიტერითა და სპეციალურად ამ მოდელისთვის დამზადებული კაპოტით შეცვალეს. ასევე გაფართოვდა ბორბლებისთვის განკუთვნილი ოთხივე თაღი. მოდელს უზარმაზარი 305/30 ZR20 ზომის წინა და 335/30 ZR20 ზომის უკანა საბურავები უყენია, რომლებიც AMG One-ის ჰიპერქარის საბურავების ტექნოლოგიას იყენებენ.

ძველი თაობის C63 AMG Black Series-ის მსგავსად, CLE 646-ის უკანა მხარეს დიდი ზომის, ფიქსირებული კარბონის სპოილერია დამაგრებული. კარბონის, უკანა წამყვანი სისტემისა და გადამუშავებული ძარის კომპონენტების წყალობით კი, Spezialanfertigung-ი დონორ ავტომობილზე დაახლოებით 170 კგ-ით ნაკლებია. თუმცა, მაინც გაგვიჭირდება, რომ 1 895 კგ-ის ავტომობილს მსუბუქი ვუწოდოთ. სტანდარტულ აღჭურვილობაში ასევე შედის კარბონ-კერამიკული მუხრუჭები — წინა ნაწილში ექვსდგუშიანი, უკანა ნაწილში კი ერთდგუშიანი კალიპერებით.

წონის შემცირებაზე ავტომწარმოებელმა სალონშიც იზრუნა. მოდელს მსუბუქი წინა სპორტული სავარძლები აქვს და სურვილის შემთხვევაში, სპეციალური უსაფრთხოების ღვედების დამატებაცაა შესაძლებელი, გამარტივებულია აუდიოსისტემაც.
Mercedes-AMG-ს CLE 646 Spezialanfertigung-ის ფასი არ გაუსაჯაროებია, თუმცა ამის გარკვევას პოტენციური მყიდველებისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს. როგორც დასაწყისშივე ვთქვით, წარმოებაში ჩაშვებული 30-ვე ავტომობილი უკვე გაყიდულია.