მექანიკოსმა 2 კოლეგის მიერ ვერ შეკეთებული GL450 უფასოდ მიიღო
შეიძლება თუ არა Mercedes-Benz-ის SUV უფასოდ მიიღო? იუთუბერმა არხიდან Waldo's World ავტომობილის მფლობელისგან ზუსტად ასეთი შეთავაზება მიიღო: მას აჩუქებდნენ Mercedes GL450-ს იმ პირობით, თუ შეძლებდა მის დაქოქვასა და გამართვას.
მანამდე ავტომობილი ორ სხვადასხვა მექანიკოსთან იმყოფებოდა. ორივე მათგანმა ერთხმად განაცხადა, რომ მე-5 ცილინდრის დაზიანების გამო ძრავი სრულად გასამოცვლელი იყო — რაც კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშირებული.
ავტომობილის დაქოქვისას ინსტრუმენტების პანელზე Check Engine სიგნალი ციმციმებდა. სკანირებამ მე-5 ცილინდრის პრობლემა აჩვენა. ხელოსნები ამბობდნენ, რომ ცილინდრზე ნაკაწრები იყო და კომპრესია დაკარგული ჰქონდა. თუმცა, როდესაც ვალდომ კომპრესიისა და აალების სანთლების ტესტირება ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ დეტალი ნორმალურად მუშაობდა.

ძრავის ზეთის შეცვლისას იუთუბერმა შენიშნა, რომ ძველი სითხე ძალიან მუქი იყო და ბენზინის სუნი ასდიოდა. დეტალური დიაგნოსტიკისას მე-5 ცილინდრის ინჟექტორის ელექტრო წრედის ხარვეზი გამოჩნდა. ამან იუთუბერი მიიყვანა დასკვნამდე, რომ პრობლემა არა ძრავის მექანიკაში, არამედ მართვის ბლოკში იმალებოდა.
ასევე იხილეთ: 7 ყველაზე ცუდი მანქანა, რაც „მერსედესს“ ოდესმე შეუქმნია
მან ონლაინ შეიძინა 2013 წლის GL450-ის ძრავის მართვის ბლოკი, დააკოპირა ორიგინალი ბლოკის მონაცემები, დააყენა ავტომობილზე და ძრავი დაქოქა. ახალი მართვის ბლოკის დაყენების შემდეგ Mercedes GL450-მა იდეალურად, ყოველგვარი ხარვეზისა და Check Engine-ის გარეშე დაიწყო მუშაობა.
ვალდოს დასკვნით, ამ კონკრეტული მოდელების ცნობილი სუსტი წერტილი — ძრავის გაყვანილობაში ზეთის გაჟონვა გახდა ECU-ს დაზიანების მიზეზი. წინა ხელოსნებმა ნაჩქარევი დასკვნა გამოიტანეს და პატრონს ძრავის შეცვლა მოსთხოვეს. ოდნავ სიღრმისეულმა დიაგნოსტიკამ კი ავტომობილი დაშლას გადაარჩინა, ხოლო იუთუბერს სრულიად უფასო Mercedes GL450 ერგო!