Aston Martin-მა ტრასებისთვის პირველი ლეგალური მოტოციკლი წარადგინა
Aston Martin-მა კომპანიის ისტორიაში პირველი, საჯარო ტრასებისთვის ლეგალური მოტოციკლი წარადგინა. თქვენ წინაშეა AMB 002 Roadster-ი, რომელიც ავტომწარმოებელმა ბრიტანულ ლეგენდარულ მოტოციკლების მწარმოებელ Brough Superior-თან პარტნიორობით შეიმუშავა.

მოტო სრულიად ახალი, 1083 კუბ. სმ მოცულობის, წყლით გაგრილებადი, 88-გრადუსიანი V-twin ძრავის საშუალებით მუშაობს, რომელიც 130 ცხენის ძალას და 110 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს. აგრეგატი 6-სიჩქარიან კასეტურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული.
Aston Martin-ის უახლესი მოტოციკლის საერთო წონა მხოლოდ 190 კილოგრამია. ეს ძირითადად CNC-ით დამუშავებული ტიტანის სტრუქტურული ჩარჩოს დამსახურებაა, რომელიც სულ რაღაც ხუთ კილოგრამს იწონის. კარბონის ძარა და საწვავის ავზი მოტოციკლს სიმძიმის ცენტრის დაწევაშიც ეხმარება, ხოლო, როგორც Aston Martin-ი და Brough Superior-ი აცხადებენ, მათ ქმნილებაში წონის იდეალური, 50:50 თანაფარდობაა მიღწეული.

მოტოციკლის წინა ნაწილში Brough Superior-ის ორმაგი A-ბერკეტების (double wishbone) ტიპის Fior-ის საკიდარია გამოყენებული. მისი კონსტრუქცია დამუხრუჭებისა და საჭის მოხვევის დროს წარმოქმნილ ძალებს ერთმანეთისგან აცალკევებს და ძლიერი დამუხრუჭებისას წინა ნაწილის ზედმეტად ქვემოთ ჩაშვების შესაძლებლობასაც ამცირებს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში საუბარი ავტომობილებზე არ გვაქვს, მოტოციკლზეც Aston Martin-ის დიზაინის გავლენა მარტივად შესამჩნევია. დაწყებული Aston Martin-ისთვის დამახასიათებელი გვერდითი დეკორატიული ზოლით, დასრულებული გამონაბოლქვი სისტემით, რომელიც Vanquish-ის დიზაინითაა შთაგონებული და ოვალური ფორმა აქვს. ამას დამატებული სანათების დიზაინი, რაც Vulcan-ის, Valkyrie-სა და Valhalla-ს მოგვაგონებს.

Aston Martin-ის ტრასებისთვის განკუთვნილი მოტოციკლი შეზღუდული რაოდენობით, სულ 300 ინდივიდუალურად აწყობილ ეგზემპლარად გამოვა. ეს კი მას ნამდვილ საკოლექციო ნივთად აქცევს. შეკვეთების მიღება დაწყებულია, მომხმარებლებისთვის მიწოდება კი 2027 წლის მესამე კვარტალში იგეგმება.