აშშ-ის ლიდერმა Ford-ი ჩინელებთან პარტნიორობის გამო გააკრიტიკა
აშშ-ის ტრანსპორტის დეპარტამენტსა და Ford-ს შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო. აშშ-ის ლიდერმა ამერიკულ საავტომობილო გიგანტს ჩინურ კომპანიებთან მჭიდრო ბიზნეს-ურთიერთობებისა და ტექნოლოგიური პარტნიორობის გამო ღიად უსაყვედურა.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
ტრანსპორტის მდივანმა, Ford-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯიმ ფარლის ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც "ღრმა შეშფოთება" გამოთქვა ბრენდის სტრატეგიულ მიმართულებაზე და აღნიშნა, რომ Ford-ი საკუთარ მომავალს ჩინეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ საწარმოებს უკავშირებს.
თეთრი სახლი ამერიკულ გიგანტს სხვადასხვა მიზეზით „გადაეკიდა“ — პირველ რიგში, ეს CATL-თან ლიცენზირების ხელშეკრულებაა. Ford-ი იყენებს ჩინური გიგანტის ტექნოლოგიებსა და ქიმიურ ფორმულებს ელექტრომობილებისა და ენერგიის შენახვის სისტემების ბატარეების საწარმოებლად. ასევე, ადმინისტრაციის განცხადებით, ესპანეთში Geely-სთან გაფორმებული გარიგება "სტრატეგიულ კონკურენტებს დასავლურ ბაზარზე ფეხის მოკიდებაში ეხმარება" და პრობლემაა ისიც, რომ „ლურჯი ოვალი“ ჰიბრიდული ავტომობილების კომპონენტების გაზიარების თაობაზე მოლაპარაკებებს ჩინურ BYD-თანაც აწარმოებს.

„ჩინური ტექნიკური გამოცდილების პრიორიტეტად ქცევა ეჭვქვეშ აყენებს ამერიკის ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და მიწოდების ჯაჭვის დამოუკიდებლობას“, — ნათქვამია ოფიციალურ წერილში.
Ford-მა ბრალდებებს მიჩიგანის ქარხნის მაგალითით უპასუხა და განაცხადა, რომ ტრანსპორტის დეპარტამენტის წერილი არის მხოლოდ "მცდელობა, მოხვდნენ მედიის სათაურებში იმ კომპანიის ხარჯზე, რომელმაც ამერიკული წარმოებისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე თითქმის ნებისმიერმა სხვა ბრენდმა ისტორიაში."

კომპანიის განმარტებით, მიჩიგანში მდებარე მილიარდიანი ინვესტიციის ქარხანა სრულად Ford-ის მფლობელობაშია, ასაქმებს 1700-ზე მეტ ამერიკელს და აწარმოებს ბატარეებს ამერიკელი მომხმარებლებისთვის.