16-17 სექტემბერს არაგვის ხიდებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
16 და 17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია განმარტებული, შეზღუდვა თბილისი–სენაკისა და სენაკი–თბილისის მიმართულებებზე არსებული ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის სამუშაოების ჩასატარებლად გახდა აუცილებელი. სამუშაოები მოიცავს ხიდების სტატიკურ და დინამიკურ გამოკვლევას. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება და მოძრაობა ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაერთვება.
„16 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თბილისი–სენაკის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა მე-19 კმ-დან გადაერთვება ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზაზე. ამავე პერიოდში სენაკის მიმართულებით ჩაიკეტება ზაჰესის, წიწამურისა და წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძებზე არსებული შესაბამისი პანდუსები“, — ვკითხულობთ დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა სენაკი–თბილისის მიმართულებით შეიზღუდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ნარეკვავი–მცხეთა–რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი–მცხეთა–კავთისხევი–გორი–სკრა–ქარელი–ოსიაურის საავტომობილო გზებზე და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუკავშირდება თბილისი–სენაკი–ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს.
მოძრაობის დროებითი შეზღუდვისა და გადართვის პერიოდში ადგილზე გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, არსებული ხიდის პარალელურად აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა. მისი ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წელს იგეგმება.