ავტომობილები, რომლებიც 400 000 კილომეტრზე უპრობლემოდ გაგიძლებენ | კვლევა
ავტომობილის შეძენისას ერთ-ერთი პირველი, რაზეც თითქმის ყველა მძღოლი ფიქრობს, მისი გამძლეობაა — ის, თუ რამდენად დიდხანს შეინარჩუნებს ავტომობილი მათთვის მისაღებ მდგომარეობას და რამდენ კილომეტრს გაუძლებს, სერიოზული პრობლემების შექმნის გარეშე.
ასევე იხილეთ: TOP 8 გამძლე სედანი, რომელსაც 15 000$-ად შეიძენთ
ახალი კვლევა სწორედ ყველაზე გამძლე საავტომობილო ბრენდებზეა ფოკუსირებული და, წესით, არც გაგიკვირდებათ, რომ სიის სათავეში იაპონური ავტომწარმოებლები დგანან. როგორც iSeeCars-ის ანგარიშით დადგინდა, ზოგიერთი ბრენდის ავტომობილს სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი შანსი აქვს, ოდომეტრზე 400 000 კილომეტრს მიაღწიოს, ვიდრე სხვა ავტომწარმოებლების მოდელებს.
კვლევისთვის iSeeCars-მა 33 ავტომწარმოებლის მონაცემები შეისწავლა. შედეგები კი საკმაოდ საინტერესოდ გადანაწილდა. საუკეთესო პოზიციებზე ძირითადად აზიური ბრენდები არიან წარმოდგენილნი, მაშინ, როდესაც გერმანული პრემიუმ-მწარმოებლების ნაწილმა უფრო ცუდი შედეგები აჩვენეს.
„400 000 კილომეტრის გავლა ნებისმიერი ტიპის ავტომობილისთვის განსაკუთრებით მაღალი ზღვარია. შედეგად, რეიტინგის პირველ ოთხეულს შორის განსხვავებებსაც კი მნიშვნელობა აქვს“, — განაცხადა iSeeCars-ის აღმასრულებელმა ანალიტიკოსმა კარლ ბრაუერმა.

მეხუთე ადგილზე GMC გავიდა, რომლის ავტომობილებსაც დაახლოებით 402 000 კმ-ის მიღწევის 5.8%-იანი ალბათობა აქვთ. ეს ბრენდი General Motors-ში შედის და ძირითადად პიკაპებს, SUV-ებსა და სატვირთო ავტომობილებს აწარმოებს. ამ ტიპის ავტომობილები კი გამძლეობაზეა ორიენტირებული, რაც GMC-ის მაღალ პოზიციასაც ნაწილობრივ ხსნის.

მეოთხე ადგილზეა Acura. ამ კომპანიის ავტომობილებს ოდომეტრზე 400 000 კმ-იანი ზღვარის მიღწევის 9.5%-იანი ალბათობა აქვთ. Acura ძირითადად Honda-ს ძრავებსა და ტრანსმისიებს იყენებს და მისი კიდევ ერთი უპირატესობაც სწორედ სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობაა.

მესამე ადგილზე უკვე Honda-ს ავტომობილებია. ალბათობა ამ შემთხვევაში 13.3%-ს აღწევს, რაც საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით 2.5-ჯერ მაღალია. კვლევა Honda-ს ერთ-ერთ უპირატესობად ძრავებისა და სხვა კომპონენტების მოდულურ კონსტრუქციას ასახელებს. ეს კი Honda-ს ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასაც ამარტივებს.

მეორე პოზიციაზეა Lexus-ი. ამ მარკის ავტომობილებს 400 000 კმ-იანი ზღვარის მიღწევის 14.4%-იანი ალბათობა აქვთ. ასეთი შედეგი რამდენიმე ფაქტორის დამსახურებაა, მათ შორის ინჟინერია, ხარისხის კონტროლი, ტექნოლოგიების რაციონალური გამოყენება და ა.შ. Lexus-ი საიმედოობითაც გამოირჩევა და Consumer Reports-ის 2025 წლის საიმედოობის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

პირველ ადგილს კი, წესით, არავისთვის გასაკვირად, Toyota იკავებს. შანსი, რომ ამ ბრენდის ავტომობილები 400 000 კილომეტრს გაგატარებინებენ, 19.7%-ია. Toyota-მ მეორე ადგილზე გასულ Lexus-ს მნიშვნელოვანი სხვაობით, 5.3 პროცენტული პუნქტით, აჯობა. Toyota-ს გამძლეობა იაპონური ავტომწარმოებლის წარმოების ფილოსოფიასაც უკავშირდება. მისი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი Kaizen-ია. ეს უკანასკნელი პროცესებისა და პროდუქტის მუდმივ გაუმჯობესებას გულისხმობს.
ავტომობილების სრული სია კი, 400 000 კილომეტრის მიღწევის ალბათობით, ასე გამოიყურება:
Toyota (19.7%), Lexus (14.4%), Honda (13.3%), Acura (9.5%), GMC (5.8%).
Mazda (5.3%), Lincoln (4.7%), Ram (4.2%), Ford (4.1%), Cadillac (3.9%).
Chevrolet (3.6%), Nissan (3.4%), Tesla (3.3%), Subaru (2.8%), Mercedes-Benz (2.6%).
Volvo (2.6%), INFINITI (2.5%), Dodge (1.7%), Volkswagen (1.5%), Jeep (1.2%).
Kia (0.8%), Mitsubishi (0.8%), Hyundai (0.8%), Chrysler (0.7%), BMW (0.5%).
Audi (0.5%), Land Rover (0.4%), Buick (0.4%), Porsche (0.3%), FIAT (0.2%).
Jaguar (0.0%), MINI (0.0%), Maserati (0.0%).