რჩევები, სიცხე, ზაფხული
Aa
Aa

როგორ გავაგრილოთ ავტომობილის სალონი მარტივად — ბრიტანელი პროფესორის რჩევა

ჰანა ფრაი — მათემატიკის პროფესორი და ტელეწამყვანი — სოციალურ ქსელში გენიალურ რჩევას აზიარებს. მისი მეთოდით, ავტომობილში ტემპერატურის სწრაფად დასაწევად მხოლოდ უკანა ფანჯარა და რამდენიმე უცნაური მოძრაობა დაგჭირდებათ.

არა, ფრაი არ მოგიწოდებთ, რომ ჰიჩკოკის ფილმების გმირს დაემსგავსოთ და მეზობლების თვალთვალი დაიწყოთ სალონში არსებული ჯოჯოხეთური სიცხისგან ყურადღების გადასატანად. პროფესორი მარტივად ხსნის, თუ როგორ შეუძლია ჰაერის ნაკადის ძალას თქვენი მანქანის სალონის მომენტალურად გამოცოცხლება.

View this post on Instagram

A post shared by Hannah Fry (@fryrsquared)

„არსებობს ერთი ხრიკი, რომელიც მანქანის სწრაფად გაგრილებაში დაგეხმარებათ“, — ამბობს პროფესორი თავის ინსტაგრამ ვიდეოში. როგორც ის განმარტავს, პირველ რიგში, უნდა ჩამოწიოთ მძღოლის კარის დიაგონალურად მოპირდაპირე მხარეს არსებული უკანა ფანჯარა. ეს მეთოდი იდეალურია, თუ ოთხკარიანი მანქანა გყავთ, თუმცა ნაკლებად გამოგადგებათ, კუპეს შემთხვევაში. ამის შემდეგ კი დროა გადახვიდეთ უცნაურ მოძრაობებზე.

„შეიძლება გარედან ცოტა სულელურად გამოიყურებოდეთ, მაგრამ უბრალოდ ძალიან სწრაფად გამოაღეთ და მიხურეთ მძღოლის კარი. ეს მეთოდი იმიტომ მუშაობს, რომ კარის სწრაფად გაღება-დაკეტვისას, მოძრავი კარი თავის გზაზე არსებულ მთელ ჰაერს გარეთ დევნის და ქმნის დაბალი წნევის ზონას. ეს პროცესი იწვევს ფენომენს, რომელსაც ეწოდება მასური ნაკადი. ამ დროს მანქანის შიგნით არსებული მთელი ცხელი, ჩახუთული და უსიამოვნო ჰაერი გარეთ გამოიდევნება, ხოლო მისი შევსების ერთადერთი გზა მოპირდაპირე, ღია ფანჯრიდან შემოსული სასიამოვნო, გრილი და სუფთა ჰაერია“, — აცხადებს ფრაი.

პროფესორის თქმით, ამ მოქმედების სულ რაღაც ორჯერ ან სამჯერ გამეორებაა საჭირო, რომ სალონში ტემპერატურა მომენტალურად დასტაბილურდეს და სასიამოვნო გახდეს. მოდით, გულახდილები ვიყოთ — საკუთარ ავტომობილში ამაზე ბევრად უფრო უცნაური რაღაცებიც გაგიკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები