რეგულაციები, ავტონაწილები, ავტოიმპორტიორთა ასოციაცია
Aa
Aa

„ათასობით ადამიანის ბედი გაურკვეველია“ — ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი რეგულაციებზე

„არც ერთი წვეთი ზეთი არ უნდა დაიღვაროს, მკაცრი მოთხოვნებია, მაგრამ მთავარია, რომ აქ დასაქმებული ათასობით ადამიანის ბედი გაურკვეველია“ — განაცხადა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ავტონაწილების მოქმედ და ჯერ კიდევ ასამოქმედებელ რეგულაციებზე საუბრისას

მისი შეფასებით, ავტონაწილებით მოვაჭრეებისთვის დაწესებული ახალი რეგულაციების პირობებში, იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებიც ამ სფეროში არიან დასაქმებული, გაურკვეველია. ნონიაძის თქმით, თავდაპირველად თბილისში ამოქმედებული შეზღუდვები მოგვიანებით სხვა მუნიციპალიტეტებმაც შემოიღეს, რის გამოც მეწარმეებს საქმიანობის გასაგრძელებლად ახალი ადგილების მოძიება უწევთ.

მისივე განცხადებით, გაურკვეველია, როდის მიიღებს ცენტრალური ხელისუფლება ტექნიკურ რეგლამენტს, რომელმაც შესაძლოა, სფეროს წარმომადგენლებს კიდევ დამატებითი მოთხოვნები დაუწესოს.

ცნობისთვის, თბილისში მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ასევე ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევისთვის 2026 წლის ცხრა თვეში გამოწერილმა ჯარიმებმა 1.453 მლნ ლარს გადააჭარბა. 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, აღნიშნული მასალების განთავსება ან/და რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, ფიზიკური პირის 2 500, ხოლო იურიდიული პირის 5 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 5 000 ლარს, იურიდიული პირისთვის კი 15 000 ლარს შეადგენს.

„ამ მონაცემების უკან დგას იმ ადამიანების სამუშაო ადგილები, რომლებიც ამ ბიზნესში იყვნენ დასაქმებული. დიდი მადლობა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ 2020 წელს არ მიიღეს ეს რეგლამენტი და ფაქტობრივად, 5-6 წლით შეაჩერეს მისი მიღება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს პერიოდი ჩვენ არ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ამ ხალხისთვის რაღაც ალტერნატივები გვეჩვენებინა და გვეთქვა, სხვა ფართი მოენახათ. ...მარტივი ენით რომ ვისაუბროთ, არც ერთი წვეთი ზეთი არ უნდა დაიღვაროს. გარკვეული მკაცრი მოთხოვნებია, მაგრამ მთავარია, რომ აქ დასაქმებული ათასობით ადამიანის ბედი გაურკვეველია.“, — განაცხადა ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა.

წყარო: BPN.GE

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები