რატომ იშლება თანამედროვე ავტომობილი ავარიის დროს ნაწილებად? — დეფორმაციის ზონების ფიზიკა
თუ ავარიის შედეგად სრულიად დაჭმუჭნილ ავტომობილს შეხედავთ, ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: როგორ შეიძლება ეს მანქანა უსაფრთხოდ ითვლებოდეს? სინამდვილეში, განა ავტომობილი ისე არ უნდა იყოს აწყობილი, რომ დარტყმას გაუძლოს და არ დაზიანდეს? გაგიკვირდებათ, მაგრამმ პასუხი აბსოლუტურად საპირისპიროა.
ასევე იხილეთ: 7 ინოვაცია, რომელიც Mercedes-მა ავტოსამყაროს აჩუქა
თანამედროვე ავტომობილი მიზანმიმართულად არის შექმნილი ისე, რომ შეჯახებისას გაიღუნოს და დეფორმირდეს. ხილული ზიანი, რომელსაც ავარიის შემდეგ ვხედავთ, ხშირად ზუსტად იმის დასტურია, რომ ინჟინერთა მიერ შექმნილმა უსაფრთხოების სისტემამ თავისი საქმე სრულყოფილად შეასრულა. ამ ყველაფრის უკან კი საავტომობილო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე გამოგონება — დეფორმაციის ზონა დგას.
როგორ შთანთქავს ენერგიას დეფორმაციის ზონები?
მოძრავი ავტომობილი კინეტიკურ ენერგიას ატარებს. რაც უფრო მძიმე და სწრაფია მანქანა, მით მეტი ენერგია გამოიყოფა შეჯახებისას. ეს ენერგია უბრალოდ ვერსად „გაქრება“ და მისი მართვა მგზავრების გადარჩენისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სწორედ აქ ერთვება საქმეში დეფორმაციის ზონები. როგორც წესი, ისინი ავტომობილის წინა და უკანა ნაწილში მდებარეობს და კონსტრუირებულია ისე, რომ შეჯახების მომენტში პროგრესულად დაიღუნოს და შეიკუმშოს. იმ დროს, როდესაც ლითონი იკეცება და იხრება, ის კინეტიკურ ენერგიას შთანთქავს და ავტომობილის სრულ გაჩერებამდე საჭირო დროს ზრდის.
ეს დამატებითი დრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მკვეთრი და მყისიერი შეჩერება უზარმაზარ ფიზიკურ ძალებს წარმოშობს, ხოლო შენელების დროში გაწელვა მგზავრებზე მოქმედ გადატვირთვას საგრძნობლად ამცირებს. იმის ნაცვლად, რომ დარტყმის მთელი მუხტი პირდაპირ სამგზავრო კაფსულას გადაეცეს, ავტომობილი საკუთარ გარე სტრუქტურას, ფაქტობრივად, მსხვერპლად სწირავს...
თანამედროვე ავტომობილების მთავარი პრინციპი მარტივია: მანქანა უნდა დაზიანდეს იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ უვნებლად უნდა გადარჩეს იქ, სადაც ადამიანები სხედან. სანამ წინა და უკანა ნაწილები ენერგიის შთანთქმაზე მუშაობენ, სამგზავრო სივრცე — ე.წ. უსაფრთხოების უჯრედი — ფორმას მაქსიმალურად მკაცრად ინარჩუნებს. მწარმოებლები ამისთვის მაღალი სიმტკიცის ფოლადს, ადგილობრივ გამაგრებებს, ძლიერ საყრდენებსა და სტრუქტურულ ჯვარედინებს იყენებენ, რათა კაბინის დეფორმაცია ან ჩამოშლა გამოირიცხოს.

ერთიანი და კომპლექსური სისტემა შემდეგნაირად გამოიყურება — წინა დეფორმაციის ზონები შთანთქავენ ფრონტალური შეჯახების ენერგიას, უკანა დეფორმაციის ზონები — აბალანსებენ უკნიდან დარტყმის ძალას. გამაგრებული კარის ძელები და სვეტები მგზავრებს გვერდითი დარტყმისგან იცავენ, ხოლო უსაფრთხოების ღვედები და ბალიშები აკავებენ ადამიანებს ერთ პოზიციაში და ამცირებენ მყარ ზედაპირებთან შეჯახების რისკებს.
ერთი შეხედვით, შეიძლება ლოგიკური ჩანდეს იდეა, რომ მთელი ავტომობილი ყველაზე მყარი მასალებისგან აიგოს და საერთოდ არ „დაიჭმუჭნოს“. თუმცა, ასეთი მიდგომა შეჯახებას კიდევ უფრო სახიფათოს გახდის. თუ ავტომობილის წინა ნაწილი ზედმეტად მყარი იქნება, ის მყისიერად გაჩერდება, ხოლო შეჯახების მთელი კინეტიკური ენერგია მგზავრების სხეულებზე გადაივლის. შედეგად, მანქანა ხელუხლებელი დარჩება, მაგრამ შიგნით მყოფები სერიოზულ ტრავმებს მიიღებენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს